მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Colosseum Marina“ ხვალიდან კოვიდ-ინფიცირებულებს მიიღებს

5f5c98c6a06b3
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 14:26
1628
ბათუმში მოქმედი სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“ ხვალიდან COVID-ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს დირექტორმა ნიკო შეყლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „კოლიზეუმ მარინა“ იმ სასტუმროების ჩამონათვალში შევა, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით, ასიმპტომურ ან სუსტად გამოვლენილი ნიშნების მქონე კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.

რა დატვირთვით მუშაობდა სასტუმრო სანამ საკარანტინე ზონად გადაქცევისთვის მზადებას დაიწყებდა ნიკო შეყლაშვილი არ აკონკრეტებს და ამბობს: „ბათუმში ეპიდ-სიტუაციის გათვალისწინებით, სასტუმროში განთავსებაზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა მაინც ნარჩუნდებოდა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით გვინდა, რომ დავეხმაროთ სახელმწიფოს“.

სასტუმროს დირექტორის ინფორმაციით, სასტუმროში 101 ნომერია, საიდანაც 90 საკარანტინედ გამოიყოფა. ის ასვე აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ უშუალოდ პაციენტებთან სამუშაოდ მედპერსონალი იქნება მობილიზებული, სასტუმროს მომსახურე პერსონალს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდება.

„ჩვენ გვქონდა საკარანტინე ზონის მართვის გამოცდილება, რადგან ადგილობრივი ტურიზმის ამოქმედებამდე სახელმწიფო პროგრამაში ვიყავით ჩართულები, თუმცა ინფიცირებული პაციენტების მიღების გამოცდილება ჯერ არ გვქონია, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ჩაგვიტარებს ტრენინგებს და ამის შემდეგ ყველა დეტალი გვეცოდინება“, - განაცხადა „კოლიზეუმ მარინას“ დირექტორმა ნიკო შეყლაშვილი.

რამდენი ხნის განმავლობაში იქნება სასტუმრო ინფიცირებულების მიმღები, დირექტორმა არ იცის და ამბობს, რომ ეს ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ხოლო კითხვაზე - რამდენად სწორია სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილება და ხომ არ აზარალებს ეს ბიზნესს, ნიკო შეყლაშვილი აცხადებს: „რიცხვებს ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დიდი სხვაობა დამსვენებლების მიღებისა და ინფიცირებულების მიღების შემთხვევაში არ გვექნებოდა“.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საკარანტინე სასტუმროებშიც მოხდება.