მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid19 ის შედეგები, ჩვენი პასუხი და რაზე უნდა ვსაუბრობდეთ - ნიკოლოზ ფერიაშვილის ბლოგი

5e878224e2aa7
ნიკოლოზ ფერიაშვილი
04.04.20 22:00
3631
Covid19 არსად გაქრება! სოციალური დისტანცირებით თუ შევამცირებთ, ის მაინც არ წავა! ვირუსის სეზონურ მოვლენად გადაქცევაზე საუბრობენ სხვადასხვა ექსპერტები და ამაზე Wall street Journal შიც წერენ! ( https://www.wsj.com  , 2020).

მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა ამ ვირუსს და რეაქციაც გაუზომელი, ზოგ შემთხვევაში გადამეტებული ან დაგვიანებული, ძირითადად კი მედიის მხრიდან ძლიერად ანგაჟირებული იყო! თუმცა, არავინ იცოდა და ვიცოდით, როგორი ზომების მიღება იქნებოდა სწორი!

ვირუსმა მოკლა 42 089 და დააინფიცირა 856 523 ადამიანი პირველი მარტის, საქართველოს დროით, დილის 3:33 წუთის მდგომარეობით.

სიკვდილიანობის სტატისტიკა ვუჰანის მაგალითზე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემდეგია ( https://www.worldometers.info , 2020 ):




რიცხვი და ვირუსის გავრცელების ზრდის ტემპიც უდაოდ მაღალია, თუმცა სიკვდილიანობას რაც ეხება, ის 4-5% მერყეობს ახალი სტატისტიკით. 70 წელს გადაცილებულებშიც 8-10% არის სიკვდილიანობა. ამის კარგი მაგალითი ინგლისის ახლად გამოჯანმრთელებული პრინცი ჩარლზია, მაგრამ თქვენ თუ 20 დან 50-წლამდე ასაკის ადამიანი ხართ, იმის შანსი რომ Covid 19 მოგკლავთ თუ თანმხლები ქრონიკული დაავადები არ გაგაჩნიათ 0.4% არ არის ანუ ნახევარი პროცენტიც კი. კორონავირუსით დაავადებულების სიკვდილიანობის დროსაც გარდაცვლილების 12%-ს ძირითად მიზეზად კორონავირუსი უფიქსირდება , სხვა შემთხვევებში ეს იყო სხვა მიზეზებით, გამოწვეული (Hodgson, 2020)

მაგალითისთვის ავტოავარიაში მოხვედრის შანსი უფრო მაღალი გაქვთ, ვიდრე ამ ვირუსის შეხვედრის და შემდეგ მისით სიკვდილის. ცნობისთვის მსოფლიოს გარშემო ყოველ წელს დაახლოებით, 56 მილიონამდე ადამიანი იღუპება აქედან 2% ზე ცოტა მეტი გრიპით და მისგან გამოწვეული პნევმონიით, დაახლოებით ამდენივე სუიციდით, ანუ თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას. ყოველდღიურად 2000 – 3000 ადამიანი მენტალური დაავადების გამო თავს იკლავს, ჯამში წელიწადში ეს 800 000 ადამიანია. მენტალური დაავადებაც ნამდვილია და დაავადებამდე ხშირად გარემოებებს მივყავართ! კიდევ უფრო ნამდვილი, მაგრამ უხილავი შიმშილით სიკვდილია, 8 მილიონი ადამიანი ,მსოფლიოს გარშემო ყოველ წელს კვდება შიმშილით!

გარდა ამისა გახსოვდეთ, რომ შემთხვევიანობა ვირუსის უფრო მეტია ვიდრე ეს ტესტითაა გამოვლენილი და მაშინ სიკვდილიანობის დონე კიდევ უფრო დაბლა იწევს. მაგალითად იტალიაში მხოლოდ მძიმე პაციენტებს სინჯავდნენ, როცა 80% ში მსუბუქი სიმპტომებით მიდის და ვერასდროს გავიგებთ სინამდვილეში რამდენ ადამიანს ჰქონდა Covid19.

მიუხედავად ამისა, ქვეყნებში გამოცხადდა კარანტინი და ჩაიკეტა საზღვრები.ჩვენც, ჩავიკეტეთ!

მეოთხე თვეა ვაკვირდებით მოვლენებს და სულ უფრო მჯერა, რომ ამ ვირუსის დაკავება ვაქცინამდე ვერ მოხერხდება. როდის იქნება ვაქცინა? ვაქცინის ბაზარზე გამოტანას საუკეთესო შემთხვევაში 18 თვეში ვარაუდობენ (Kuznia, 2020)
თუ ვაქცინა არ იქნება, მაშინ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ვირუსს ან როდემდე შეიძლება ვიყოთ კარანტინში?
მოდით, ჯერ შევთანხმდეთ, რომ ვირუსის ელიმინაცია შეუძლებელი იქნება, ესე უბრალოდ ვერ გავაქრობთ. მაშინ, როგორ უნდა ვიბრძოლოთ?

არის ცნობილი 3 სტრატეგია:

1. საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავება
2. კონტროლი საზღვრების და ინფიცირებულების კონტაქტების შემოწმება (ამ ფაზას გავცდით)
3. სრული იზოლაცია

ჩვენ ავირჩიეთ სრული იზოლაცია, მაგრამ რა არის ის პირველი სტრატეგია? პირველი სტრატეგია ნიშნავს, რომ უბრალოდ ვიცხოვროთ ამ გამოწვევასთან ერთად, გადავიტანოთ გადასატანი, ასე რომ ვთქვათ. მოვიხადოთ მოსახდელი. საზოგადოებრივი იმუნიტეტის პირობებში ვირუსი ბევრად სუსტი იქნება და სამომავლოდ აღარც გავრცელდება.

ამ გზაზე წავიდა ჰოლანდია, ნორვეგია და თავიდან იტალიაც, მაგრამ შემდეგ შეცვალეს სტრატეგია და აი აქ ისმის კითხვა რატომ?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მონაცემი აჩვენებს, ვირუსი არაა მაღალი სიკვდილიანობის! სახელმწიფოებს ეშინიათ ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის, რადგან ეს თემა ანგაჟირებულია მოსახლეობაში. მთავრობები განიცდიან წნეხს საზოგადოებისგან და იძულებულები არიან სრული იზოლაცია გამოაცხადონ, რომელიც არ ვიცით როდემდე გასტანს!
მოდით დავფიქრდეთ რა იქნება ამ ვირუსის მერე? თუ ჩვენ 2,3,4 თვე მოგვიწევს იზოლაციაში ყოფნა რა მოხდება?

როცა ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ხალხს დარჩნენ სახლში! რას შეიძლება ვეუბნებოდეთ რეალურად?!

1. სახლში დარჩენა მინიმუმ 51% საქართველოს მოქალაქეებისთვის არის შემოსავლების დაკარგვა! ჩვენ ვეუბნებით უარი თქვით შემოსავლებზე!
2. უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში ადამიანებს ყოველდღე უწევთ გარეთ გასვლა, რადგან გამოიმუშაონ, ის საარსებო მინიმუმი, რომელიც ოჯახის ან საკუთარი თავის გამოსაკვებად არის საჭირო. ჩვენ ვეუბნებით მათ საკვებზე თქვან უარი!
3. ჩვენ მოვუწოდებთ მათ ისხდნენ სახლებში , ვერ გამოკვებონ საკუთარი ოჯახები და უყურონ მათ შიმშილს.
არაფერია იმაზე დამამცირებელი ადამიანისთვის, ვიდრე შიოდეს და უყუროს შიმშილით მომაკვდავ ოჯახს! გგონიათ გადამატებულია? არა ზუსტად ესე იქნება თუ 2-3 და 4 თვე ჩვენ იზოლაციაში ვიქნებით და ეს მათი შიმშილი 1 ან 2 თვეში კი არ დაიწყება, არამედ დღეს დაიწყო!

ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ იმისთვის რათა შევამციროთ ჩვენი ნახევარპროცენტიანი სიკვდილის შანსი დარჩნენ სახლში! 70-80% იანი სიკდვილი გამოიწერონ, ყველაზე დამამცირებელი ფორმით, ამას ვეუბნებით მინიმუმ 20-25% მოსახლეობას, ესეც კარგ შემთხვევაში და თუ შიმშილს გადაურჩებიან მენტალურ აშლილობას ნამდვილად ვერა. შემდეგ ნუ გვიკვირს ქვეყანაში ამდენი სასტიკი მკვლელობა, ასეთი დამოკიდებულებები ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

რას უნდა ვაკეთებდეთ?

1. ვაშენებდეთ გზებს როგორ ვიცხოვროთ ამ ვირუსთან ერთად და ვმართოთ;

• როგორი იქნება ჩვენი სოციალური კავშირები, ურთიერთობა სოციუმში, ანუ მისალმებიდან დაწყებული, ჰიგიენის და შესაბამისი ჩაცმულობის გათვალისწინებით.
• როგორი იქნება: ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების, ოფისების მოწყობა იმისათვის, რომ მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ.
• რა უნდა გავაკეთოთ ვირუსით დაავადების შემთხვევაში? ვის უნდა მივმართოთ? რა სიმპტომების დროს მივაკითხოთ საავადმყოფოს.
• როგორ ვმართოთ გარემოებიდან გამოწვეული სტრესი
• როგორი იქნება სატრანსპორტო მიმოსვლა და ამ ტრანსპორტის მოწყობა, იმისათვის რომ უზრუნველყოს ვირუსის გავრცელების მინიმიზაცია.
• როგორ უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა და გაიზარდოს საავადმყოფოებში მძიმე პაციენტების მიღება/მომსახურეობის შესაძლებლობა.

2. ვაყალიბებდეთ რა იქნება ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა

• შედეგად დაიკარგა 100 000 ობით სამუშაო ადგილი და ეს ახლო მომავალშიც ასე იქნება.
• უზარმაზარი დარტყმა მიიღო, მცირე საშუალო და მათ შორის მსხვილმა ბიზნესებმაც. უნდა განისაზღვროს, არა მათი ერთჯერადი სტიმულაციის პაკეტები, არამედ არსობლივად ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმა, კანონპროექტების და გადასახადების დონეზე, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერით.
• უნდა მომზადდეს გეგმა საიდან მოგვაქვს კრიზისის სამართავად და ახალი გარემოებების დასაფინანსებლად თანხები.
• პროდუქტის მოწოდების და პროდუქტებზე ფასების ზრდას, როგორ მიუდგებით?
• უნდა დადგინდეს მკაფიო და მკვეთრი ვადები რა ეტაპის მერე რას ვაკეთებთ? ანუ როდის ვანახლებთ ეკონომიკურ აქტივობებს და რა დოზით? მიუხედავად გავრცელებისა ან როდის ველოდებით პიკის გადასვლას და რას გავაკეთებთ ამ ვადის გასვლის შემდეგ?
• როგორ მივხედოთ უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილ ხალხს? სახლემწიფო დახმარების პაკეტი ამას ვერ აუვა, თუ ამ ადამინებს არ დავეხმარეთ შიმშილით სიკვდილისთვის გავწირავთ!
3. ვაშუქებდეთ რა მოსდევს ამ ყველაფერს? რა იქნება ხვალ? ანუ, როგორ მივყვებით გეგმას? როგორ უნდა ავიცილოთ საფრთხეები?
• მთელმა მოსახლეობამ არ უნდა აწარმოოს სტატისტიკა სად რამდენი ადამიანი დაინფიცირდა, ჩვენ უნდა ვთქვათ ტენდენციებზე და მაქსიმალურად მოვერიდოთ ისედაც სტრესულ მძიმე მდგომარეობაში, ინდივიდუალური ტრაგედიების აღწერას, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში რაც დაკავშირებულია კორონავირუსით გამოწვეული ფონით.
• უნდა კონტროლდებოდეს ის ნაბიჯები რაც გადაიდგა, უნდა გადაიდგეს ან იცვლება გარემოებებიდან გამომდინარე.

შეჯამებისას მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უკვე ვართ არსებულ რეალობაში, არის ჩვენს გარშემო ეს ვირუსი, არც 2, არც 3 და 6 თვის მერე არ გაქრება! ჩვენ მივიღეთ ზომები და ქვეყანაში გამოცხადდა კარანტინი. ამ ბოლო მოვლენას დრო შეაფასებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო და რამდენად სწორად უპასუხა მსოფლიომ გამოწვევას, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა დავსახოთ გზა ხვალინდელი, რომ აღარ დავაგვიანოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება და კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკურ/სოციალური ზიანი არ გადავიდეს იმაზე მეტ მსხვერპლში, ქაოსში, ვიდრე ეს კორონავირუსის, სწრაფად გავრცელების შემთხვევაში იქნებოდა.


ავტორი: ნიკოლოზ ფერიაშვილი - , IE BUSINESS სკოლის მაგისტრანტი