დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინებთან დაკავშირებით განცხადებას ავცელებს. Bm.ge-ს სტატიის შემდეგ სპეციალური განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
bm.ge-ს ინფორმაციით, იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა. ამას კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ადასტურებს.
"ის, რაც წერია პუბლიკაციაში რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს რამდენიმეჯერ არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის გუშინ წინ სპეციალური სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენებმა დაუსაბუთეს იმ საკითხის მართებულობა, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არგუმენტებს და იყო შეპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინაციასთან.
დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინები, რომლებიც უკეთდებათ ჩვენს ბავშვებს კალენდრის მიხედვით. ეს საკითხი ეხება ცოფს. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ 100%-ით სასიკვდილო დაავადება. ცოფი კი იმართება მხოლოდ ვაქცინების საშუალებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მიღწევა ჯანდაცვის სფეროში არის ის, რომ არცერთი წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა.
ეს ვაქცინა 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში 2015 წლის განმავლობაში და არცერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა და სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული.
2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ პრეპარატის პრეკვალიფიკაცია, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინის ამოღება დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიტო. ეს არის სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის ვაქცინის გარეშე დატოვება წარნოუდგენელია. მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება ადამიანისთვის გამოდგეს სასიკვდილო. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ დაუშვებდა. ამიტომ თვენახევარში დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოახდინა ახალი ვაქცინით ჩანაცვლება და 2016 წლის მარტის 20-დან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.