მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, 1 იანვრიდან სესხების გაცემის შეზღუდვამ, სამშენებლო სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა და გარკვეული რისკების წინაშე დააყენა.
ამის შესახებ როსტომაშვილმა ელენე კვანჭლაშვილის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.
„მე ვუსმენდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვა ქვეყნის საკითხებზე საუბრობდა. მე მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა დაახლოებით, 50 დეველოპერულ ორგანიზაციასთან და ყველასთან ძალიან ცუდი მდგომარეობაა იმის გამო, რომ გაყიდვები შემცირებულია 30%-40%-ით. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მყიდველების 50%-60%, რომელიც უკვე განახევრდა არის ადამიანების ის კატეგორია, რომლებსაც თანხის წინასწარი შენატანის საფასური ხელში უჭირავთ და დანარჩენი თანხის აღება სესხის სახით, არ შეუძლიათ“, - განაცხადა როსტომაშვილმა.
მისივე თქმით, ბანკები ამბობენ, რომ იპოთეკურ დაკრედიტებაში ანუ ბინების შეძენას დეველოპერულ სფეროში ე.წ. გაფუჭებული სესხები არის 1%-ზე ნაკლები და საბანკო სფეროს კლიენტთა 99% იპოთეკურ სესხს სრულად ფარავს.
„სწორედ ამის ფონზე, გაუგებარია და გაურკვეველია, არსებული რეგულაციები“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
ცნობისთვის: სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, იპოთეკური სესხების დაკრედიტების ზრდა 31%-მდეა.