05.დეკემბერი .2020 23:48

დაიწყეს თუ არა ქართულმა კომპანიებმა COVID 19 - ის ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებები?

დაიწყეს თუ არა ქართულმა კომპანიებმა COVID 19 - ის ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებები?
views 794
უკან

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც COVAX პლატფორმასთან, ისე ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით.

BMG დაინტერესდა, ჩართული არიან თუ არა კერძო კომპანიები კომერციული სექტორისთვის COVID 19-ის ვაქცინის შემოტანის მოლაპარაკებებში. კითხვაზე საპასუხოდ „ჯიპისიში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რაიმე ტიპის კონკრეტული მოლაპარაკებები მათი მხრიდან არ დაწყებულა.

რაც შეეხება პსპ-ს, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, პირველადი საჭირო აქტივობები უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა რაიმე ფორმის შეთანხმება მხარეებთან არ არსებობს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობას მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის საჭირო თანხა 17 მლნ დოლარის ოდენობით უკვე გადარიცხული აქვს.

„ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. Covax პლატფორმაში, რომელიც „გავი ალიანსის“ ბაზაზე მუშაობს (ვაქცინების გლობალური ალიანსი). ის შეისყიდის ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტოების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს - ეს იქნება ოქსფორდის, „ფაიზერის“ ან "მოდერნას" ვაქცინა. შეკვეთილი და გადარიცხული გვაქვს უკვე თანხა მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, ეს არის, დაახლოებით, 700 000 ადამიანი. ყველა ეს ვაქცინა 2-3 კვირის შუალედით ორჯერადად კეთდება, ამიტომ საჭიროა, 1.4 მლნ დოზა. ეს ჩვენთვის „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით 17 მლნ დოლარამდე ჯდება, საიდანაც 4 მლნ დოლარი წინასწარი შენატანის სახით ოქტომბერში უკვე გადაირიცხა. როგორც კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინას დაამტკიცებს, ის ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა