მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარჩებიან ისინი, რომლებსაც შესწევთ ძალა - გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის შედეგებზე

5e31514b33147
ინგა მურუსიძე
29.01.20 16:46
1080
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ფიქრობს, რომ საბანკო რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დააზარალა.

გვენეტაძის თქმით, ბაზარზე დარჩებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ ძალა, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები.

"არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდა. მე ადრეც მითქვამს იმასთან დაკავშირებით, როცა არასაბანკო საფინანსო სექტორზე არის საუბარი, რომ როცა ამ მიმართულებით რეფორმებზე ვსაუბრობთ, ჩვენი გადმოსახედიდან მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც 200-ზე მეტი საბანკო ორგანიზაცია და ბანკი იყო საქართველოში, მაგრამ მათ მიერ გაწეული მომსახურეობა და მათი კონტრიბუცია ეკონომიკაში ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორიც დღეს არის. ეს გზა მიკროსაფინანსო სექტორს გასავლელი აქვს. ის, რომ დღეს 200-ზე მეტი ბანკი არ გვაქვს და გვაქვს 15 ბანკი საქართველოში, არ ნიშნავს, რომ დღევანდელი საბანკო სექტორის კონტრიბუცია უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს 20-ზე მეტ ბანკს ჰქონდა. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ მიკროსაფინანსო სექტორს. სისტემა იზრდებოდა არაჯანსაღად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიდრე ის არაჯანსაღად გაიზრდებოდა, მიღებულიყო ზომები რეგულაციებთან დაკავშირებით. დარჩებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ ძალა, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები", - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, მიკროსაფინანსო სექტორის სესხების პორტფელი ზრდადია და ეს ტემპი 6%-ია.

"ბევრჯერ იყო ინფორმაცია, რომ 2019 წელი ზარალით დამთავრდა, რაც არის ძალიან ცუდი, ეს ტექნიკურად შეიძლება სწორი ინფორმაციაა, მაგრამ თუ ჩავყვებით, ამის მიზეზი არის ის, რომ მხოლოდ ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა დიდი ზარალი და ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ეფექტს თუ გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ სექტორი მომგებიანია - თანხით 42 მლნ ლარი. ანუ თუ 2018 წელს წმინდა მოგება სექტორის იყო 31 მლნ ლარი, ამ ერთი მიკროსაფინანსოს გამოკლებით 2019 წელს მოგება 42 მლნ ლარია, რაც კარგი მაჩვენებელია. მიკროსაფინანსო სექტორის სესხების პორტფელი არის ზრდადი და ამ პორტფელის ზრდის ტემპი 6%-ია. უნდა აღვნიშნო, რომ ზედამხედველობის დაწყებამ ხელი შეუწყო სექტორის გაჯანსაღებას და სანდოობის ზრდას", - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ამ საკითხის შეჯამებისას დასძენს, რომ "ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე, გადაჭარბებულია".

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული.

კომპანიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემცირებულია ამ სფეროს აქტივებისა და შემოსავლების მოცულობა; მოგების ნაცვლად კი, ეს ფირმები მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან.