მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ ₾2 მლნ-ის შემოსავალი დაკარგა - TI

637f531d14a2b
ინგა მურუსიძე
24.11.22 15:38
684
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. როგორც ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალაში წერია, მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ.

TI წერს, რომ ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგრაფების“ საქმეში მმართველი პარტიისთვის სამსახურის გაწევად შეიძლება შეფასდეს; ამ საქმის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზება. რაც შეეხება სარგებლის მიღებას, როგორც აღმოჩნდა, „კარტოგრაფების“ საქმის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ დავით ხიდაშელის სასარგებლოდ იმგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელმაც სახელმწიფოს კონკრეტული ფინანსური ზიანი მოუტანა.

"რამდენიმე თვის წინ საინფორმაციო ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ გაარკვია, რომ სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.

ლიცენზიის მიმღების რეალური ვინაობისა და ზოგადად გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა, რადგან ეს სიურპრიზი იყო როგორც გარემოსდამცველების, ისე ადგილობრივებისთვის. გარიგება მრავალ პრობლემას შეიცავს ტყის მართვისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევის მხრივ, რის გამოც, გარემოსდამცველებმა სასამართლოს მიმართეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

თუმცა, სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ამ გარიგებით საქართველომ კონკრეტული ფინანსური ზიანი მიიღო – რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. ჩვენი დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო დაახლოებით 2,057,593 ლარის (619,757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.

საქმის გარემოებები მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესის საწინააღმდეგოდ, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის ინტერესის სასარგებლოდ გაკეთდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება იყოს", - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

პარალელურად, რამდენიმე წელია ასევე მიმდინარეობდა რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის იდეაზე მუშაობა, რომელსაც TI ასევე დეტალურად მიმოიხილავს.

„2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები პირები რაჭის ტყესთან დაკავშირებით ორ შემოთავაზებას განიხილავდნენ:

ერთი შემოთავაზება ეკუთვნოდა რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენს, რომელსაც არ შეუსრულებია სახელმწიფოს წინაშე აღებული წინა ვალდებულებები და რომელიც ჰექტარში იხდის 11 ლარს (საინვესტიციო ვალდებულებით 58.7 ლარს);

მეორე ეკუთვნის ავტორიტეტულ საერთაშორისო ფონდს, რომელსაც 8.5 მილიონი ევრო აქვს ჩადებული საქართველოს ბუნების კონსერვაციაში და ჰექტარზე იხდის გარანტირებულ 45 აშშ დოლარს (დაახლოებით 149.2 ლარს), რაც 13-ჯერ უფრო მეტია პირველ შემოთავაზებაზე.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მარტივი უნდა ყოფილიყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ ორი შეთავაზებიდან სახელმწიფოს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანდა, კერძოდ: მაქსიმალური ფართობის დაცული ტერიტორიის შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე სამონადირეო ლიცენზიის გაცემა. იმ გადაწყვეტილებით, რაც იქნა მიღებული, სახელმწიფომ დაახლოებით 2,057,593 ლარის შემოსავალი დაკარგა“, - წერია TI-ს დასკვნაში.

ორგანიზაცია გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს.