14.აპრილი .2021 17:52

დავითაშვილის და თურნავას უწყებები „ნამახვანჰესის“ თემაზე საპატრიარქოს განცხადებას მიესალმებიან

დავითაშვილის და თურნავას უწყებები „ნამახვანჰესის“ თემაზე საპატრიარქოს განცხადებას მიესალმებიან
views 595
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც „ნამახვანჰესის“ თემაზე საპატრიარქოს განცხადებას მიესალმებიან.

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და საზოგადოებას მიეწოდოს.ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია

მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით.

ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.