მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზარალებული მე ვარ... - ღარიბაშვილის განმარტება ფარულ აუდიო-ჩანაწერებზე

604b29eeb7065
ინგა მურუსიძე
12.03.21 12:43
1215
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს ფაბრიკაციად და პროვოკაციად აფასებს. ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებზე ვრცელი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ პროვოკაცია მოწყობილია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების კონტური გამოჩნდა.

„მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, გამოიყენა ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს ყოვლად დაუშვებელია და დასაგმობია როგორც ჩვენი, ისე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მას არ სურს იდგეს და თავი იმართლოს სიბინძურეზე, თუმცა თავს ვალდებულად თვლის, მოსახლეობის წინაშე განმარტება გააკეთოს.

„არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტების გაკეთება, თუმცა მხოლოდ მოსახლეობისთვის მინდა გავაკეთო განმარტება. ეს არის 11 წლის წინანდელი ჩანაწერების ფაბრიკაცია. დადასტურდა, რომ მაშინ ვიყავით ტოტალური მოსმენების მხვერპლი და ყველას უსმენდნენ. ჩანაწერი შედგება უამრავი სხვადასხვა ჩანაწერისგან. მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ ახსენებდა ბერა მინისტრებს - ამაზე ერთი პასუხი მაქვს. მე რვა წელი ვხელმძღვანელობდი ფონდ „ქართუს“, მაშინ 200-300 მილიონის პროექტებს ვახორციელებდით წელიწადში და ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა კომუნიკაცია სამინისტროებთან, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან. მაშინ შეხვედრა მქონდა მაგალითად კულტურის მინისტრ რურუასთან, ასევე შეხვედრები მქონდა ჯანდაცვის მინისტრ კვიტაშვილთან, ასევე თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან.

პრეზიდენტის, სააკაშვილის მეუღლესთან გვქონდა მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა, ასევე „ქართუ ფონდში“ ძალიან ხშირად გვსტუმრობდა პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია, პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრებთან და რა თქმა უნდა არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, რატომ უნდა ყოფილიყო გაგებული და აღქმული ეს საკითხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა კიდევ ერთ ბრალდებას, რომ საუბარი ჩაწერილია არა 2011 წელს, არამედ 2017-ში. პრემიერის თქმით, 2017 წელს ის ბიზნესში იყო და შესაბამისად, მსგავსი კომუნიკაციები არ ჰქონდა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება თავად ჩანაწერების შინაარსზე, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა : „დანაშაული არ არსებობს, როცა არ არის დაზარალებული. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად, ვინაიდან პირველი კითხვა, რაც მე მაქვს არის - რატომ მისმენდნენ, როგორც კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. მაშინ არც პოლიტიკაში ვიყავით, არც „ქართული ოცნება“ იყო დაარსებული. ფაქტი არის იმის დემონსტრირება, რომ ტოტალურად, ყველას გვისმენდნენ. ეს არის გამოსაძიებელი, რატო გვისმენდნენ, რატომ გაასაჯაროვეს დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, არ არსებობს ადამიანი, ვინც ანზორ ჩუბინიძეს ჩაგვრასა და ძალადობაში დაადანაშაულებს. პრემიერმა ბრიფინგის ბოლოს ისიც თქვა, რომ მთავრობა TV პირველში შეჭრას არ აპირებს და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება tv პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის აბსურდი, არ იგეგმება მთავრობის მხრიდან მსგავსი რამ. დღეს 2021 წელია, არ ვართ 2007 წელში, როცა მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა. ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს. არავითარი პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.