მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცერცვაძე: უცხოელ ექსპერტებს აქვთ შიში და მოლოდინი, რომ „ტვინდემია“ შესაძლოა ვერ ავიცილოთ თავიდან

616471360332e
თამთა ჯიჯავაძე
11.10.21 21:14
2051
წელს, უცხოელ ექსპერტებს აქვთ შიში და მოლოდინი, რომ „ტვინდემია“ შესაძლოა ვერ ავიცილოთ თავიდან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მან განმარტა თუ რა იგულისხმება „ტვინდემიაში“ და მის საფრთხეებზეც ისაუბრა.

„ახლა ძალიან აქტუალურია „ტვინდემიის“ საკითხი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წამყვან ინსტიტუტებში და წამყვან ექსპერტებს შორის. „ტვინდემია“ სიტყვასიტყვით „ტყუპ ეპიდემიას“ ნიშნავს, ეს არის ორი ეპიდემიის თანაარსებობა ერთსა და იმავე დროში. ლაპარაკია კოვიდის პანდემიაზე, რომელიც არსებობს, ტალღისებურად მიდის და სეზონური გრიპის ეპიდემიაზე, რომელიც შეიძლება დროში დაემთხვეს კოვიდს. გრიპის ეპიდემიები ყოველთვის იწყება გვიანი შემოდგომიდან და გრძელდება ზამთრის პერიოდში. განსაკუთრებით პიკი ნოემბერ-დეკემბერში იყო ხოლმე. შარშან იყო გამონაკლისი, როდესაც სეზონური გრიპის ეპიდემია არც საქართველოში ყოფილა და არც მსოფლიოში. მიიჩნევენ, რომ ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ მკაცრმა შეზღუდვებმა, რომელიც შარშან შემოდგომაზე იყო კოვიდის გამო, თითქმის ყველა ქვეყანაში.

წელს აქვთ მოლოდინი, შიში უცხოელ ექსპერტებს, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ფიქრობს, რომ რადგან შარშან გრიპის ეპიდემია არ იყო, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტიც არ აქვს, რასაც მოსახლეობა ყოველწლიური გრიპის ეპიდემიის დროს გამოიმუშავებდა მართალია არასრულ, თუმცა, ნაწილობრივ მაინც. ყოველ შემდეგ წელს ეს იმუნიტეტი მას დრამატული განვითარებისგან იცავდა“, - განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ რადგან შარშან არ ყოფილა გრიპის ეპიდემია, წელს შეიძლება გრიპის ეპიდემია უფრო მძიმედ წავიდეს, ვინაიდან მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი გრიპის მიმართ.

„თუმცა, არიან ოპტიმისტებიც და მეც მივეკუთვნები მათ რიცხვს, რომ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც კოვიდზე არსებობს, წელსაც დაგვიფარავს გრიპის ეპიდემიისგან“, - აღნიშნა ცერცვაძემ.