მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღედღეზე ველოდებით ყადაღის დადებას“ - „ელსელემა“ 200 000-ლარიან ჯარიმას ვერ იხდის

612a21d7df4ef
თამთა ჯიჯავაძე
28.08.21 16:45
4532
სამკერვალო კომპანია „ელსელემას“ სასამართლომ 200 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. საუბარია პანდემიის პერიოდში სამკერვალოს მიერ თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობების დროულად ვერშესრულებაზე, რის გამოც  კომპანია „შავ სიაში“ აღმოჩნდა, სახელმწიფო ტენდერებში ვეღარ მონაწილეობდა და საბანკო ვალდებულებების მომსახურებაც გაუჭირდა. 

როგორც bm.ge-ს „ელსელემას“ დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა, ყადაღის დადებას ყოველდღე ელოდებიან.

„იქნებ ვინმემ მოიფიქროს, რომ ეს ჯარიმები გადაიხედოს. პანდემიაა, ყელში ისედაც წაჭერილი გვაქვს და დამატებით ჯარიმებს იქით მივყავართ, რომ ერთ დღესაც აღარ ვიქნებით. სახელმწიფომ დაგვაკისრა 200 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. სასამართლომ გამოიტანა უკვე გადაწყვეტილება და ბოლო ინსტანციამაც დაადასტურა. უფრო მეტიც, მოსამართლეს ჯარიმის თანხისთვის არცერთი თეთრი არ დაუკლია. ამ ჯარიმას ვერ გადავიხდით. დღედღეზე ველოდებით ყადაღის დადებას“, - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.

მისივე თქმით, მას ესმის, რომ თუ კომპანია ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, შეიძლება გაწყდეს ეს ხელშეკრულება და ჯარიმაც დაეკისროს მას, მაგრამ პანდემიის პირობებში, როდესაც ფორსმაჟორია, სახელმწიფომ არსებული ვითარება უნდა გაითვალისწინოს.

„დამატებით ჯარიმებით ნუღარ დაგვახრჩობთ. პანდემიაა, ფორსმაჟორია. გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ვაპირებ. თუ შედეგს გამოიღებს, მივწერ პარლამენტს, მთავრობას. მეტი ფორსმაჟორი რაღა უნდა იყოს?!“, - ამბობს „ელსელემას“ მფლობელი.

მისივე თქმით, ამჟამად, ლანჩხუთში ივნისში გახსნილი ახალი სამკერვალოს მუშაობა შეჩერებულია. თბილისში კი "ელსელემას" შვილობილი კომპანია "ლემასის" სამკერვალო მკერავების ინფიცირების გამო, რამდენიმე კვირით დაიხურა.

„ფაქტობრივად, 10 თანამშრომელი ერთდროულად დაინფიცირდა, რის გამოც დავხურეთ საწარმო და ახლახან გაიხსნა; ძალებს ვიკრებთ. დაახლოებით, 35 ადამიანს ვასაქმებთ. ლანჩხუთში კი ჯერჯერობით ისევ დახურულები ვართ, შევასრულეთ გარკვეული დაკვეთები და გავჩერდით. ძალიან მომრავლდა ინფიცირების შემთხვევები, ამიტომაც ახალ საქმეებს არ ვიწყებთ, იძულებული ვარ სიფრთხილე გამოვიჩინო ვირუსის გამო. ჩვენს თავსაც ვერიდებით და თანამშრომლებსაც, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ვნახოთ რა იქნება, სექტემბერში ისევ საუბარია დამატებით შეზღუდვებზე“, - განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა bm.ge-სთან ინტერვიუში.

მან ძველ გეგმებზეც ისაუბრა, მაგალითად, ლანჩხუთში ქსოვილების საწარმოს შექმნაზე, რომელზეც მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა მისი თქმით, შექმნილი ვითარების გამო, ეს პროექტიც გაჩერდა.

„თურქულ კომპანიებთან გვქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ ვერ რისკავენ. ხალხი ვერ ჩამოდის. ეს საკითხი ღიაა. კომუნიკაცია გვაქვს, წელს უნდა დაგვეწყო ამაზე მუშაობა, მაგრამ ჯერ კონკრეტული შედეგი არაა“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები