მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მთავარი გამოწვევა ინფლაციური მოლოდინების მართვაა - მერსედეს ვერა მარტინი

5fb0f74d6f934
BM.GE
15.11.20 13:38
883
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი ელენე კვანჭილაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს მონეტარული პოლიტიკის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, დღეს მთავარ გამოწვევას ინფლაციური მოლოდინების სწორად მართვა წარმოადგენს. IMF-ის შეფასებით, მნიშვნელოვანია ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს ძალისხმევა იმისთვის, რათა კურსის გაუფასურებიდან მომდინარე გავლენა ინფლაციურ მოლოდინებში არ გადაითარგმნოს.

“სიტუაცია მართლა გამოწვევებით არის სავსე. ასევე ვთქვათ ისიც, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ინფლაციაა. ვთქვათ ისიც, რომ მცურავი გაცვლითი კურსი სწორია, რადგან შოკის უკეთ აბსორბციის შესაძლებლობას იძლევა. დღეს ეროვნული ბანკის ინტერვენციები უფრო მეტად მიმართულია იქითკენ, რომ შეამციროს კურსის მერყეობა და არა დაასტაბილუროს გაცვლითი კურსი. მერყეობაც არ არის კარგი ეკონომიკისთვის.

დღეს მთავარი გამოწვევაა ინფლაციური მოლოდინების მართვა და 3%-იან სამიზნესთან კარგად თარგეტირება. აქ ორი ელემენტია: ერთია მოთხოვნა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სუსტად რჩება, რასაც არ აქვს წნეხი ინფლაციაზე. სანამ მოთხოვნა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ინფლაციურ მოლოდინებზე წნეხი არ იქნება. მეორე ეს არის გაცვლითი კურსის დინამიკა. ამის გადაცემა ინფლაციურ მოლოდინებზე უფრო ადვილად ხდება. ამდენად, ეროვნული ბანკიც ცდილობს არ შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა და ამით, კურსის გაუფასურებას არ მისცეს შესაძლებლობა, ინფლაციურ მოლოდინებში გადაითარგმნოს.

ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია თარგეტირებულ ნიშნულს 2021 წლის ბოლოს დაუბრუნდება,”- ამბობს მერსედეს ვერა მარტინი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით უკანასკნელი გადაწყვეტილება 28 ოქტომბერს მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სებ-მა მიუთითა, რომ ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიუხედავად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში ინფლაცია შემცირების ტენდენციას განაგრძობს.