18.სექტემბერი .2019 14:24

EBRD-ის მხარდაჭერით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით სასწავლო სემინარი მიმდინარეობს

views 184
უკან

წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით ექსპერტული ცოდნის მიღებისა და გაზიარების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 19 სექტემბრის ჩათვლით იმართება სასწავლო სემინარი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.


ამ მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოწვეულია საერთაშორისო კონსულტანტი ალექსანდრა რედჰედი.


წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მაია ზავრაშვილის განცხადებით, მიმდინარე სასწავლო სემინარების თემატიკა მოიცავს როიალტის სისტემის ადმინისტრირებისა და პრაქტიკაში დანერგვის თავისებურებებს.

მისი თქმით, სემინარის ფარგლებში მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების განხილვა.

„ეს დაეხმარება სახელმწიფოს უზრუნველყოს შემოსავლების ეფექტური მართვა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და სექტორის განვითარებას", - აღნიშნა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა


მაია ზავრაშვილის ინფორმაციით, წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში უკვე შემუშავდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას არსებული ფისკალური ჩარჩოს განახლება წარმოადგენს.