მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე მიქაბაძე: ეკონომიკური რეფორმები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

5de61abd51576
BM.GE
03.12.19 12:18
683
„2019 წლის ოქტომბერში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაყრდნობითაც ხდება წინასწარი ეკონომიკური აქტივობის შეფასება, გაიზარდა 14%-თ, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4,232-ს შეადგენს. შედეგად, 2019 წლის ოქტომბერში, „საქსტატის შეფასებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.7%-ია, ხოლო ათი თვის განმავლობაში საშუალო ზრდა 5.1%-ს შეადგენს“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული.

„მნიშვნელოვანი რეალური ზრდა გვაქვს როგორც დამამუშავებელ - მრეწველობაში, ისე მშენებლობაში და ასევე ეკონომიკის მომსახურების სფეროებში. უმჯობესდება საგარეო სექტორის მაჩვენებლები როგორც საქონლის, ისე მომსახურების მიმართულებით - საქონლით ექსპორტის ვაჭრობაში გვაქვს 4.5 %-იანი ზრდა, ხოლო ზაფხულში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ ტურიზმის ექსპორტი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, ასევე გაუმჯობესებულია ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოში, ეკონომიკის შიდა მოთხოვნის ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.

„ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ეფექტიანი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაც გააუმჯობესებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას“ - აღნიშნა მიქაბაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.