მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკა უნდა გაიხსნას - ინტერვიუ პერ გუსტავ ნილსენთან

5eb6b1c237c93
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვლი
09.05.20 17:10
1001
თეგეტა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მრჩეველი პერ გუსტავ ნილსენი გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ქვეყანაში COVID-19-ის საპასუხოდ მიღებულ ზომებზე, მათ შორის ეკონომიკურ შეზღუდვებზე საუბრობს. 
ნილსენის თქმით, საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ პიკური ვითარება უკვე მიღწეულია, ეს კი ქვეყნის ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის წინაპირობა უნდა გახდეს. ამასთან ნილსენი ამბობს, რომ დღეს ქართული კერძო სექტორი არსებულ ვითარებას კარგად უმკლავდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შემზღუდავი ნორმები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ამას ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება. 

ინტერვიუ პერ გუსტავ ნილსენთან:

ყველაზე მთავარი საკითხით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. როდის უნდა გაიხსნას ეკონომიკა საქართველოში?

პირველ რიგში, მინდა საქართველოს მივულოცო ის, თუ როგორ დაიჭირა მან ვირუსი. მომავალში რა იქნება არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ნამდვილი წარმატების ისტორიაა. დღეს ნამდვილად მოვიდა დრო, რომ ეკონომიკა გაიხსნას და გაიხსნას ჭკვიანურად.

რას გულისხმობთ ჭკვიანურ გახსნაში?

ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. სამედიცინო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვიტყოდი, რომ ვირუსის პიკი უკვე მიღწეულია. ამას გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რადგან ის მალე არსად არ წავა. ჭკვიანურ გახსნაში ვგულისხმობ, პირველ რიგში, მცირე ბიზნესისთვის ამ კარის გახსნას.

შვედეთიდან ხართ. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ყველასგან განსხვავებული გზებით ცდილობს, თან ებრძოლოს ვირუსს და თან, მაქსიმალურად შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა - გარედან ასე ჩანს. რას გვეტყვით თქვენ?

პირველ რიგში, არასწორია იმის თქმა, რომ შვედეთმა უარი თქვა შეზღუდვებზე. ეს ასე არ ყოფილა - 50-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრებასთან დაკავშირებით იყო შეზღუდვა; კაფეები და ბარები არ დახურულა, მაგრამ მათ მოუწიათ ყველა იმ წესის დაცვა, რაც ეპიდემიის მართვას უკავშირდებოდა - მათ შორის, 2-მეტრიანი შუალედების დაცვა; ჰიგიენის წესები; ბართან დადგომის აკრძალვა და ა.შ. და ხალხი ამ წესებს საკმაოდ კარგად იცავდა.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ ტიპის თავისუფლების შენარჩუნება შესაძლებელია სკანდინავიური ტიპის დისციპლინის და კულტურის მქონე ქვეყანაში - ჩვენ ვენდობით ხელისუფლებას; ვაცნობიერებთ, რომ შეცდომა შეიძლება დაუშვან, მაგრამ ამასთან ერთად, გულწრფელად გვჯერა, რომ მიზანმიმართულად არ მოგვატყუებენ და ფაქტებს არ დამალავენ.

გაამართლა ამ მიდგომამ? გაამართლა, თუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შევხედავთ - პირველ კვარტალში შვედეთის მთლიანი შიდა პროდუქტმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა - მხოლოდ 0.7%-ით, მაგრამ მაინც გაიზარდა. ცხადია, რიცხვები უფრო მძიმე იქნება შემდგომ კვარტლებში. მაგრამ პირველი კვარტლის მონაცემებს თუ შევხედავთ, ეს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია.

ერთია დღეს არსებული ფაქტები, მეორეა - მომავლის მოლოდინები. საქართველოს ბიზნესასოციაციის ინდექსმა აჩვენა, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეს მოლოდინები მკვეთრად გაუარესებულია საქართველოს შემთხვევაში...

ბუნებრივია, როცა ბიზნესი პრაქტიკულად გაჩერებულია, მათი მოლოდინებიც მკვეთრად უარესდება. მეც შევხედე ამ ინდექსს და მინდა გითხრათ, მიკვირს კიდეც რამდენად კარგად უმკლავდება დღეს კერძო სექტორი მის წინაშე არსებულ პრობლემებს და გაურკვევლობით სავსე სიტუაციას. ეს ტრენდი უკვე დღეს შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო და იქნება კიდეც ბევრად უარესი, თუ ბიზნესს მუშაობის დაწყების შესაძლებლობა არ მიეცემა.

ამ კონტექსტში, თუ შევხედავთ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის პრეზენტაციაც უკვე იყო და გავითვალისწინებთ, იმ მოსაზრებებსაც, რაც პოსტკრიზისული გეგმის ნაწილში პერიოდულად გვესმის - რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი ბიზნესის მოლოდინების გასაუმჯობესებლად?

მე შვედი ვარ. საქართველო და შვედეთი ჰგავს ერთმანეთს იმით, რომ ორივე საკმაოდ პატარა ზომის ქვეყანაა და ორივე ეს ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული დანარჩენ მსოფლიოზე. პრინციპში ყველა ქვეყანა ერთმანეთზეა დღეს დამოკიდებული - ძალიან გლობალიზებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ.

მოდით, რეალისტები ვიყოთ. არც იმდენი რამის გაკეთება შეუძლია ერთ რომელიმე კონკრეტულ მთავრობას იმისთვის, რომ ბიზნესკლიმატი რეალურად გამოსწორდეს, როგორც ეს შეიძლება ვინმეს ეგონოს. შვედეთშიც კი, სადაც ეკონომიკა ბოლომდე არ ჩაკეტილა, სულ მცირე 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური - ეს რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდი ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ 10.5 მილიონიან ქვეყანაში ეს რიცხვიც ძალიან მძიმეა. ამასთან, მეორე კვარტალში, გაუმჯობესების ნიშნები არ იკვეთება -სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდება და ეს მხოლოდ შვედეთზე არ არის დამოკიდებული.

იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოზეც. აქ ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია მეტ-ნაკლებად მკვდარია დღეს საქართველოში. არიან ქვეყნები, ვინც საქართველოზე მეტად დაზარალდება შექმნილ ვითარებაში - ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი - რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ქვეყნებზე - როგორებიცაა, კვიპროსი და მალტა.

საქართველოს შეუძლია სარგებელი მიიღოს იმ ფაქტიდან, რომ კორონავირუსი აქ დიდი პრობლემა არ ყოფილა. საქართველოს შეუძლია გახსნას ტურისტული ინდუსტრია - არა სრულად, ცხადია, ნაწილობრივ. დღეს შესაძლებელია ტურისტების ტესტირება - სამი საათით ადრე რომ მივიდნენ გეითთან, ჩაიტარონ ტესტი, ნახევარ საათში მიიღონ პასუხი და ამის მიხედვით მიეცეთ ან არ მიეცეთ საქართველოში გამოფრენის საშუალება. ჩამოსვლისას მივიდნენ სასტუმროებში, სადაც სწორედ ასეთი უარყოფითი პასუხების მქონე ტურისტები არიან განაწილებულები - იგივე შეიძლება ითქვას, რესტორნების გახსნაზეც. ტურისტულმა სააგენტოებმა შეიძლება ეს რეკომენდაციები გასცენ, სადაც გარანტირებულად არ იქნება დაინფიცირების რისკები.

მართლა მგონია, რომ თუ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია კარგად მართული იქნება - მას აქვს პოტენციალი გაცილებით უფრო სწრაფად გაიხსნას, ვთქვათ, იგივე კვიპროსში ან საბერძნეთში.

ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, მე ჩრდილოეთ ევროპიდან ვარ. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი იქ, სადაც მეტი მზეა. რატომაც არა საქართველო? კორონამდე საქართველო უკვე სულ უფრო მეტად პოპულარული ხდებოდა სკანდინავიელი ტურისტისთვის - დღეს გაქვთ შანსი, ეს ტურისტები სხვა ქვეყნებს წაართვათ.

მესმის თქვენი -- რაღაც შესაძლებლობებიც რომ დავინახოთ კოვიდ-19-ის პირობებში და არა მხოლოდ გამოწვევები. კონკრეტულად თეგეტას რომ შევხედოთ - რა შეიცვალა და როგორ ართმევთ თავს გამოწვევებს?

თეგეტა საკმაოდ კარგად უმკლავდება გამოწვევებს. ამას მეც და ჩვენი თანამშრომლებიც ასე ვხედავთ. ეს მართლა წარმატებული კომპანიაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ძალიან ცოტაა ამ ზომის და ამ ბრუნვის მქონე კომპანია, რომელსაც ისეთივე ინფრასტრუქტურა აქვს, როგორც დღეს თეგეტას. ევროპაში ალბათ კიდევ 2 მსგავსი კომპანიაა - მეტი არა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეგეტას არ შეეხო პანდემიის სირთულეები. ცხადია, შეეხო, მაგრამ დღეს მთელი მსოფლიო ამ პრობლემებშია. 40 წელია ბიზნესში ვარ და უნდა ვთქვა, რომ ამ მასშტაბის კრიზისი ჯერ არ მინახავს.

რაიმე ტიპის დახმარებას ითხოვთ სახელმწიფოსგან, მთავრობისგან ვთქვათ იგივე პოსტკრიზისული გეგმის გათვალისწინებით, რომელიც უფრო კერძო სექტორზე ორიენტირებული უნდა იყოს?

ეპიდემიოლოგი არ ვარ და არც ვიჩემებ, მაგრამ თუ იარსებებს გეგმა, როგორ შეიძლება უფრო ადრე გაიხსნას ეკონომიკა - ცხადია, ეს ძალიან დიდი შვება იქნება თეგეტასთვის. მხოლოდ თეგეტას გახსნა არაფერს მოიტანს, თუ მთელი ეკონომიკა არ გაიხსნა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ დღეს გლობალური მიწოდების ჯაჭვის და გლობალური სადისტრიბუციო ჯაჭვის პირობებში ვცხოვრობთ - ასე მარტივად ეკონომიკა ვერ გამოცოცხლდება - ამას 2 წელი მაინც დასჭირდება.

შეიძლება კოვიდ-19-მა ეჭვქვეშ დააყენოს გლობალიზაციის ტრენდი, რომელიც არაერთხელ ახსენეთ ჩვენი ინტერვიუს განმავლობაში - ზუსტად იმიტომ, რომ დღეს პრობლემებიც ასეთი ურთიერთგადაჭვული აღმოჩნდა?

მე დიდი იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს არ მოხდეს და გეტყვით რატომ. მე ძალიან ბევრ ინდუსტრიასთან ვთანამშრომლობ - დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ავტოინდუსტრია ჩემი მთავარი საქმეა - და ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, მათ შორის, აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 4 წელი ვმუშაობდი ინდოეთში და ყველგან ერთსა და იმავეს ვხედავდი - მზარდ საშუალო კლასს, სულ უფრო ნაკლებად მშიერ ადამიანებს - კრიზისამდე 400 მილიონით მეტ ოჯახს ჰქონდა საკვები მაგიდაზე, ყოველ დღე. ეს ძალიან დიდი რიცხვია.

მთავარი პრობლემა, რაც ლოქდაუნს უკავშირდება ის არის, რომ შესაძლოა ბევრი ადამიანი ისევ ჩაცდეს სიღარიბის ზღვარს. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ამ რიცხვა შეიძლება ნახევარ მილიარდს მიაღწიოს - თუკი ლოქდაუნის მდგომარეობა კიდევ 2 თვეს შენარჩუნდება. აქ უკვე ასეთი კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: იყო კი წამალი ეს ლოქდაუნი? რა მოხდება, თუკი ეს წამალი უფრო მძიმე აღმოჩნდება, ვიდრე თავად ვირუსი? ხომ არ მოხდება ისე, რომ ლოქდაუნის გამო უფრო მეტი ადამიანი მოკვდება, ვიდრე თავად ვირუსის?

რასაც მე ვაკვირდები, დღეს პანიკა უფრო ჭარბობს, ვიდრე სიტუაციის რეალისტური შეფასება. პანიკა ამ ვირუსის დასაწყისში სრულიად ბუნებრივი იყო და ეს მეც საკუთარ თავზე გამოვცადე, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი რამ ვიცით ამ ვირუსის შესახებ. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს ძალიან ძალიან ცუდი ვირუსია, მაგრამ ხანგრძლივი ლოქდაუნის ფასიც არანაკლებ მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს.

შევაჯამოთ ჩვენი საუბარი: თქვენი მთავარი აქცენტი მთელი ამ ინტერვიუს განმავლობაში, თუ სწორად გავიგე არის ის, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ეტაპები, რაც ეკონომიკის მეტ-ნაკლებად სრული სახით გახსნას 6 ივლისისთვის ვარაუდობს, უნდა დაჩქარდეს და ეს მზაობა უკვე მთავრობის მხრიდანაც გვესმის, მხოლოდ ამ პირობებში შეძლებს თეგეტაც და ბევრი სხვა ბიზნესიც რეალურად ამოსუნთქვას - ასეა?

დიახ. და ეს არ იქნება არანაირად წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება. დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ქვეყანა ეძებს ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობებს და ეს გარდაუვალია, რადგან ამ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს.

ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ეს თანაცხოვრება მათ შორის კომპანიებისგან - იგივე თეგეტასგანაც გარკვეულ მორგებას, ადაპტაციას საჭიროებს - არა?

დიახ. შვედი ექსპერტები ამბობენ, რომ ბიზნესს მოუწევს სოციალური დისტანცირების ინკორპორირება ბიზნესის წარმოების პროცესში. შევხვდით და ხელი არ ჩამოვართვით ერთმანეთს. ყველას დაგვჭირდება რაღაც მეთოდები, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გავრცელების რისკი.

მაგრამ მგონია, რომ ადრე თუ გვიან, ეს ვირუსი ყველას შეგვხვდება და იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ. ამის თავიდან აცილება შეუძლებელი მგონია, თუმცა დღეს, ცხადია, დაწოლა არ უნდა გაიზარდოს სამედიცინო სექტორზე და ამისთვის უფრო მკაცრად არის საჭირო ამ ვირუსის მართვა. და ამას თავს საქართველო მშვენივრად ართმევს.

თუმცა იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა ივნისის შუა რიცხვებისთვის უკვე გაიხსნება და იმედი მაქვს, ასევე, რომ ტურიზმის ინდუსტრია ამუშავებს კიდევ უფრო ადრეც შეძლებს და ხელიდან არ გაუშვებს, იმ შანსებს, რაც მის წინაშეა.