05.ივლისი .2022 23:00

ეკონომიკის მინისტრი: „წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის“

ეკონომიკის მინისტრი: „წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის“
views 505
უკან

ლევან დავითაშვილის განცხადებით, წყალტუბოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თითოეული შენობა იყოს სრულად რეაბილიტირებული, მიმზიდველი და ზოგადად საცხოვრებელი კომპლექსების განვითარება ხდებოდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

„ძალიან დიდი პოტენციალია ინვესტორებისთვის სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად - ეს არ იქნება მხოლოდ სასტუმრო სახლები ან მხოლოდ სასტუმროები, ეს იქნება, მათ შორის, ღამის ცხოვრებისთვის საჭირო კლუბები და ობიექტები, რომლებიც დამატებით მიზიდულობას შესძენს წყალტუბოს კურორტს. წყალტუბო იმითაც იყო ცნობილი, რომ, ფაქტობრივად, ყველა სასტუმროს ჰქონდა ღონისძიებებისთვის საკმაოდ დიდი სივრცეები, ჰოლები და ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია დაბრუნდეს. ასევე სავაჭრო მიმართულება, მაგალითად, როგორიც შეიძლება იყოს „აუთლეტ სოფელი“ და ა.შ.“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე შეფასებით, კურორტის ბალნეოლოგიურ, უნიკალურ, სპა და გამაჯანსაღებელ პოტენციალთან ერთად მნიშვნელოვანია რეკრეაციის ის მიმართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს იმ უნიკალური ბუნებით, რომელიც წყალტუბოშია და ეს აუცილებლად გამოსაყენებელია.

„შესაბამისად, მთლიანად ქალაქი უნდა განვითარდეს მდგრადად, შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის. მოხდეს იმ ბუნებრივი პოტენციალის უფრო მეტად ათვისება, რომელიც მთლიანად რეგიონშია - ეს არის კარსტული მღვიმეები, დაცული ტერიტორიები და უფრო დიდ რეგიონს თუ წარმოვიდგენთ, არის ძალიან ბევრი საკურორტო ადგილი, რომელიც წყალტუბოს მხოლოდ მიეხმარება იმისთვის, რომ იყოს ძლიერი კურორტი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.