25.მარტი .2020 01:03

ეკონომიკური შოკის ფონზე მსოფლიოში ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა

views 2926
უკან

კორონავირუსისა და ნავთობის ფასის ვარდნით გამოწვეული ეკონომიკური შოკის ფონზე, საქართველოს ეროვნული ვალუტა როგორც რეგიონული, ასევე გლობალური მასშტაბითაც საკმაოდ მაღალი ტემპით უფასურდება. ორი კვირის წინ (შედარებულია 11 მარტისა და 25 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსები) ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8463 ლარს შეადგენდა, რაც დღეს არსებულ კურსთან შედარებით მთელი 60.31 თეთრით ნაკლებია. პერიოდის განმავლობაში ლარის გაუფასურება 21.18%-ია, რაც მცურავი გაცვლითი კურსის მქონე ვალუტებს შორის ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი გაუფასურებაა.

რეგიონის ქვეყნებიდან ამ პერიოდში ყველაზე დიდი ვარდნა (-15.97%) ყაზახურ ტენგეს ჰქონდა, 9.4%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, უკრაინული გრივნის გაუფასურებამ 9.45% შეადგინა, სომხური დრამი 2.82%-ით გაუფასურდა, თურქული ლირა კი 4.96%-ით. აზერბაიჯანული მანათის გაცვლითი კურსი კი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პერიოდის განმავლობაში ლარის პიკური გაუფასურების შესაჩერებლად $60 მილიონის ღირებულების სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, დღეს კი დამატებით $40 მილიონს გაყიდის. 

რაც შეეხება ბოლო ერთთვიან (25 თებერვალი - 25 მარტის) პერიოდს, გასული კვირების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მექსიკური პესოს (კლება 30%) შემდეგ, რიგით მეორე ყველაზე გაუფასურებულია (კლება 22.85%). ამავე პერიოდში რუსული რუბლი 20.45%-ით გაუფასურდა, ყაზახური ტენგე 19.40%-ით, უკრაინული გრივნა 13.5%-ით, სომხური დრამი კი 3.87%-ით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა