მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი: "სახელმწიფოს რადგან მეტის გაცემა არ შეუძლია, მეტ საარსებო მინიმუმსაც ვერ საზღვრავს"

5e08a33828ebc
ანი ციხისთავი
29.12.19 19:20
1190
"საარსებო მინიმუმი ერთგვარი ბაზისია, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საზღვრავს გასაცემლებს, პენსიას, შემწეობებს. ამ ფონზე რა მეთოდოლოგიაც არ უნდა გამოვიყენოთ, სახელმწიფოს რადგანაც მეტის გაცემა არ შეუძლია, მეტ საარსებო მინიმუმსაც ვერ საზღვრავს”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” ეკონომისტმა რატი აბულაძემ ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმი არის შემოსავალი, რომელიც ადამიანის არსებობისთვის არის საჭირო, რეალურად ის არსებული პოლიტიკური რესურსის შედეგებს აჩვენებს ანუ ბიუჯეტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები მინიმალური შემოსავლით უზრუნველვყოთ”, - დასძინა აბულაძემ.

ეკონომისტის შეფასებით, საარსებო მინიმუმი საქართველოში თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს, ამიტომ გამოსავალი ეკონომიკის ზრდაშია.

„იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმზე არ ვსაუბრობდეთ, როგორც მხოლოდ თეორიულ კონსტრუქციაზე, საჭიროა ეკონომიკის განვითარება, და ახალი რეფორმების და პროგრამების განხორციელება“, - განაცხადა რატი აბულაძემ.

ცნობისთვის: საარსებო მინიმუმი საქართველოში ბოლო წლების მაქსიმუმზეა - ეს მაჩვენებელი ერთ თვეში 2.7 ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 192.9 ლარი იყო. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 21.3 ლარითაა გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ნოემბერში ეს მონაცემი 174.3 ლარს შეადგენდა.