22.სექტემბერი .2019 17:21

EMC: ვეხმაურებით შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას

views 432
უკან

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია.

„სამართლიანი, ადამიანის ღირსებისა და კეთილდღეობის დაცვაზე ორიენტირებული შრომითი კანონმდებლობის შექმნის ინტერესიდან გამომდინარე EMC განმარტავს:

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. 2019 წლის 14-15 სექტემბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მონაწილეობა მიიღო აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პირველ განხილვაში, რომელსაც დამსაქმებელთა გაერთიანებების, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვას პრინციპების დონეზე. უფრო დეტალური განხილვები ოქტომბრის თვეში იგეგმება ოთხი თემატური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში.

სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში მცდარი და ორაზროვანი ინფორმაცია გავრცელდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია და ინიცირებული პროცესის მიზნები, რომელიც უფრო სამართლიანი და ღირსეული შრომითი და სოციალური პირობების შექმნისკენ არის მიმართული, ადამიანის ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმოჩინდა.

წინამდებარე განცხადებით, გვსურს, განვმარტოთ მხოლოდ სამუშაო დროისა და დეკრეტული შვებულების მარეგულირებელი ნორმების შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. კერძოდ, მედიაში გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, რომ

1. იკრძალება ორ ან მეტ სამუშაო ადგილას ერთდროულად დასაქმება და

2. თუ აქამდე დეკრეტული შვებულება ერთჯერადი თანხით, მაქსიმუმ 1000 ლარით, ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ, ახალი კანონპროექტით განისაზღვრება ერთჯერადი გადახდა ხელფასის 80%-ის ოდენობით. ორივე შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს და არასწორად წარმოადგენს რეგულირების შინაარსს, ფარგლებსა და მიზანს.

წარმოდგენილი კანონის პროექტი ბლანკეტურად არ კრძალავს დასაქმებულებისათვის ერთზე მეტ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას, არამედ:

იგი ადგენს სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას, რაც, ევროკავშირის დირექტივა 2003/88/EC-ის შესაბამისად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. (დღეს მოქმედი კანონით, ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. პრაქტიკაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, ხშირია შემთხვევა, როდესაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევის გარეშე, დასაქმებულები 70 საათზე მეტს ასრულებენ);

შემოთავაზებული კანონის პროექტი ადგენს შეთავსებით მუშაობის დროის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობასაც: ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ ჯამში შეთავსებით ირღვევა 48 საათიანი ლიმიტი.

ხაზგასასმელია, რომ ეს რეგულაცია არა ყველა, არამედ მხოლოდ რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში დასაქმებულ პირებს მიემართებათ (კანონის პროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს მთავრობის მიერ ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი ეკონიომიკური საქმიანობის სექტორების განსაზღვრის ვალდებულებასაც).

ამ რეგულაციის საფუძველზე, დასაქმებულს შესაძლებლობა ექნება, უარი განაცხადოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე, თუ მისი ოდენობა დადგენილ ნორმას აღემატება.

შეთავსებით მუშაობის შესახებ აღნიშნული ნორმა არ იწყებს მოქმედებას კანონის გამოქვეყნებისთანავე. მისი ამოქმედება დამოკიდებულია მინიმალური ანაზღაურების შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან.
დეკრეტული შვებულების განმავლობაში, დასაქმებული სახელმწიფოსგან მიიღებს მისი ხელფასის მინიმუმ 80 პროცენტს ყოველთვიურად (ანაზღაურებადი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 თვეს), და არა ერთჯერადად როგორც ეს მედიაში გავრცელდა.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების იმ დასაქმებულების გარანტიებისთვის დაახლოებაა, რომლებზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება. დღეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილისთვის ყოველთვიური დეკრეტული ანაზღაურება ხელფასის 100 პროცენტს შეადგენს.

გარდა ანაზღაურების წესისა, სავალდებულო ხდება, რომ დედამ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ისარგებლოს ორსულობის და მშობიარობის შვებულებით;

ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ მამებს (ემატება მამობის შვებულება (14 დღე); ასევე მშობლის შვებულებაში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ანაზღაურებადი საშვებულებო კვოტა მამებისთვის).

შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ამ და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების შეფასებას EMC მოგვიანებით გააკეთებს. ამ ეტაპზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა იქნება ინკლუზიური პროცესი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც სოციალური პარტნიორები, ისე ფართო საზოგადოების წევრები.
EMC მხარს უჭერს შრომის სფეროში ისეთი მატერიალური და ინსტიტუციური სტანდარტებისა და გარანტიების შექმნის იდეას, რომელიც ადამიანებს ექსპლუატაციისგან და არაღირსეული შრომისგან დაიცავს. ჰუმანური და სოციალური შრომის პოლიტიკის გატარება კანონმდებლობაში დამატებითი რეგულაციების გატარებას საჭიროებს, რომელიც მათ შორის, ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებასა და ანაზღაურებას, მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, შრომითი პირობების მონიტორინგის ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების გატარებას ევროკავშირის სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესი ასევე მოითხოვს. EMC იმედოვნებს, რომ ინიცირებულ პროცესს მთავრობასა და პარლამენტში მხარდაჭერა ექნება და შესაძლებელი გახდება შრომის კანონმდებლობის რეალური გაუმჯობესება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა