მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Emirates-ი მზად არის ყველა ხარჯი დაფაროს, თუ მოგზაურობისას COVID-19-ით დაინფიცირდებით

5f1fe15a2ff98
ნათია თაქთაქიშვილი
28.07.20 23:10
1075
ავიაკომპანია Fly Emirates-ი აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ტურისტი, ვინც მოგზაურობას 31 ოქტომბრამდე გადაწყვეტს, უფასო დაზღვევა მიიღებს კომპანიისგან, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ყველანაირ ხარჯს დაფარავს. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოგზაურობის სტიმულირების მიზნით მიიღო. დაზღვევის ფარგლებში ინფიცირებულ მოგზაურს აუნაზღაურდება სამედიცინო ხარჯები (დაახლოებით 176,000 აშშ დოლარი), ასევე კარანტინის აუცილებლობის შემთხვევაში (2 კვირა) სასტუმროს ნომრის საფასური (118 აშშ დოლარი ერთი ღამე).

როგორც გამოცემა წერს, ავიაკომპანია ასევე მზად არის ტურისტის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებიც გაიღოს (დაახლოებით 1,765 აშშ დოლარი).

ავიაკომპანიის ეს დაზღვევა თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე აქტიურდება და ვალიდური იქნება 31 დღის განმავლობაში.

ავიაკომპანია Fly Emirates-ის პრეზიდენტის ტიმ კლარკის განცხადებით, მგზავრთა ნაკადი 90% არის შემცირებული.

„ჩვენი კომპანიის მხრიდან ეს ერთგვარი ინვესტიციაა, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მომხმარებლის ინტერესებს ვაყენებთ და დარწმუნებულები ვართ, მათ ეს მოეწონებათ“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ პრეს-რელიზში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს საავიაციო ბაზარზე პირველი შემთხვევაა და ავიაკომპანია სადაზღვევო პროგრამას სამოგზაურო დაზღვევის პროვაიდერ Allianz-თან თანამშრომლობით განახორციელებს.