28.მაისი .2021 12:18

ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი „ნამახვანჰესზე“ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას განმარტავს

ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი „ნამახვანჰესზე“ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას განმარტავს
views 280
უკან

ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი მაკა ფარცვანია „ნამახვანჰესზე“ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ძალიან კარგს უწოდებს და ამბობს, რომ "ამხელა ხელშეკრულებისთვის ეს შენიშვნები არის ძალიან ცოტა".

„როდესაც მხარეები იწყებენ ხელშეკრულებაზე მუშაობას და ძირითად პირობებზე თანხმდებიან, ეს მუშა პროცესია. შემდგომ, აღნიშნული ხელშეკრულება ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს სავალდებულო ექსპერტიზას, რომელმაც რეალურად უნდა შეაფასოს, თუ რა რისკებს შეიცავს აღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფოს მხრიდან.

იუსტიციის სამინისტრო, ბუნებრივია, აფასებს სამართლებრივ ნაწილს. თუ რამე ფინანსურ ნაწილთან არის დაკავშირებული, იქ უკვე უთითებს, რომ აღნიშნულზე ის არაა კომპეტენტური და ფინანსთა სამინისტროს მიერ უნდა იქნას გაანალიზებული.

ამას ვნახულობთ კიდეც დასკვნაში, სადაც წერია, რომ აღნიშნული საკითხი ფინანსთა სამინისტოში უნდა იქნას გაანალიზებული.

რეალურად, ხელშეკრულებაში თუ რომელიმე უწყება არის ჩართული, ბუნებრივია, რომ აღნიშნული მუხლები ამ ყველა უწყებასთან თანხმდება. სხვანაირად წარმოუდგენელია.

ყველა უწყება, რომელიც კავშირშია პასუხისმგებლობით ამ ხელშეკრულებასთან, ძალიან გააზრებულად და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს. ყველაფერი არის აბსოლუტურად შესწავლილი და გააზრებული. ის რისკი, რაც არის სახელმწიფოს მხრიდან აღებული, არის შეფასებული.

ახლა, რაც შეეხება იუსტიციის სამინსტროს დასკვნას, ეს არის სამუშაო პროცესი და აკეთებს მუშა პროცესის რევიზიას. ანუ, ამის შემდეგ, მხარეები კიდევ ერთხელ სხდებიან და პუნქტობრივად გადიან.

ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო იყენებს ხოლმე იუსტიციის დასკვნას მეორე მხარესთან და ამბობს, რომ მე კი წამოვალ ამ დათმობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტრო არ მომცემს დადებით დასკვნას და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას გავაფორმო ხელშეკრულება და ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო ამას სათავისოდ იყენებს.

ანუ, შენიშვნა რომ არ დაიწეროს ეს უფრო ცუდია. იმიტომ, რომ არგუმენტი, რატომ არ უნდა იყოს აღნიშნული სახელმწიფოს მხრიდან რისკად აღებული ძნელი დასასაბუთებელი იქნება. მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო უწერს დასაბუთების ნაწილში, ძალიან კარგი ხელწამოსაჭიდია.

შემდეგ უკვე კანონი ავალდებულებს შესაბამის უწყებას, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს, მოამზადოს შეთანხმების ფურცელი.

შეთანხმების ფურცლის მომზადება გულისხმობს იმას, რომ ყველა შენიშვნა, თითოეული შენიშვნის გვერდზე უნდა იყოს მითითებული არის თუ არა აღნიშნული გათვალისწინებული ხელშეკრულებაში და თუ არ არის გათვალისწინებული აუცულებლად უნდა იყოს მიზეზი თუ რატომ არ არის.

ამის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. ოღონდ, იქაც ცოცხალი მსჯელობა არის მინისტრებს შორის, რომლებიც, კიდევ ერთხელ, ისმენენ ახსნა-განმარტებებს და კიდევ ერთხელ აფასებენ რისკებს.

თუ თქვენ ჩახედავთ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, ბოლოში უწერია არბიტრაჟთან დაკავშირებით მიზანშეწონილობა.

წარმოუდგენელია საინვესტიციო ხელშეკრულება არბიტრჟის გარეშე დაიდოს. ეს წინასწარ ყველამ იცის, თუმცა ამაში არის რისკი და იუსტიციის სამინისტრო ამას ყოველთვის უთითებს.

იციან, რომ ამაზე არ წამოვა ინვესტორი. ანუ, იუსტიციის სამინისტროს შეფასება ისე კი არ უნდა გავიგოთ თუ რა ცუდი დასკვნაა, პირიქით, ეს არის ძალიან კარგი და მე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდევაც, რომ ცოტა შენიშვნა არის. მერწმუნეთ, ამხელა ხელშეკრულებისთვის ეს არის ძალიან ცოტა, თუმცა ძალიან სამართლიანი შენიშვნებია ნამდვილად, რომელიც სამართლიანად იქნა გათვალისწინებული სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და რისკები შეფასებულ იქნა, როგორც გარემოს დაცვის ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და შემდგომ, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე დაკორექტირებული და საბოლოო ვერსიით პროექტის ხელმოწერა განახორციელა ეკონომიკის სამინისტრომ“, - აცხადებს მაკა ფარცვანია.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა