მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-ს გადაწყვეტილება სიგნალია სხვა ინვესტორებისთვისაც - სემეკის თავმჯდომარე

6164188bb85f3
BM.GE
11.10.21 19:00
666
სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ თურქული კომპანია ENKA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღარ ააშენოს საქართველოში $800-მილიონიანი ინვესტიის მქონე “ნამახვანჰესის” პროექტი სხვა ინვესტორებისთვისაც სიგნალს წარმოადგენს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ გადაცემა BMG Talks-ის ეთერში განაცხადა.

“ესეთი ტიპის გადაწყვეტილებები შემდეგ უკვე სიგნალია სხვა ინვესტორებისთვის. არ არის მხოლოდ ნამახვანჰესის მშენებლობა შეყოვნებული, სხვა დიდი და საშუალო ჰესის მშენებლობაც შეყოვნებულია, მათ შორის ზოგიერთი ისეთი ჰესის მშენებლობაც, რომელიც პრაქტიკულად არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე. ხშირ შემთხვევაში ეს კონკრეტული მარგინალური ჯგუფების ინტერესებში შედის, ვიღაც ნამდვილად შეიძლება ამ ჯგუფების უკან იდგეს და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ეს ნამდვილად სასურველი არ არის. ეკონომიკა იზრდება და მის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე, თუკი ჩვენ ამ მოთხოვნის მატებას ადგილობრივი გენერაციის წყაროები არ დავახვედრეთ, უფრო მეტად გაგვეზრდება იმპორტი,”- აცხადებს დავით ნარმანია.

რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისთვის, აუცილებელია 3-4 დიდი ჰიდროელექტროსადგური აშენდეს.

ENKA-მ სექტემბერში განაცხადა, რომ ნამახვანჰესის სახელშეკრულებო პირობების დარღვევების და ფორს-მაჟორული ვითარების გამო, $800-მილიონიანი პროექტის განვითარებას წყვეტს და მთავრობასთან არსებულ ხელშეკრულებას მოშლის. კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს და მრავალთვიან პროტესტს მოყვა.

გაჩერებულია ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ჰესის პროექტიც. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად პროექტის “ინვესტორთან” Trans Electrica BVI-სთან ხელშეკრულების შეჩერების პროცესი მიმდინარეობს.

თითქმის შეჩერებულია “ნენსკრაჰესის” ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ. სწორედ EIB-ის, ADB-ის და EBRD-ის სესხებია აუცილებელი, რათა პროექტი აშენდეს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შეიცვალა მემორანდუმის პირობები 200-მეგავატიან “ონის ჰესების კასკადის” ინვესტორთან. პროექტს ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდი” და კომპანია “ფერი” ახორციელებენ. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ, “კომპანიამ სამი წლის ვადით დაიტოვა უფლება ააშენოს ან არ ააშენოს ონის კასკადი”- შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების მკაფიო პირობაც არ არსებობს. ამჟამად ინვესტორი ონში ჰიდროელექტროსადგურის ნაცვლად, ქარის ელექტროსადგურის აშენებასაც განიხილავს.