საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ საქონლის ექსპორტით $4.2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზებით ქვეყანამ $815 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს, რომლის ექსპორტიც $477 მილიონი იყო, მესამეზე კი $456 მილიონით ავტომობილების რეექსპორტია.
2021 წლის განმავლობაში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 815 მლნ დოლარი, მატება წინა წელთან 4.7%; (სპილენძის მადნების ექსპორტი სინამდვილეში 80%-ზე მეტად რეექსპორტს წარმოადგენს, რადგანაც საქართველოში გასულ წელს იმპორტით 736 მილიონის მადნები შემოვიდა, რომლებიც ისევე უცხოეთში გავიდა);
2. ფეროშენადნობები - 477.4 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 93%;
3. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - 456.6 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 13%;
4. ღვინოები - 239.2 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.8%;
5. სპირტიანი სასმელები - 155.7 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 17.7%;
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 141.8 მლნ დოლარი, ზრდა - 21.6%;
7. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი - 119.5 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 65.4%;
8. თხილი და სხვა კაკალი - 118.3 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 25.8%;
9. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 99.1 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.1%;
10 ოქრო - 64.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 34.2%