მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთი ყავა“ თბილისში ყავის საწარმოსა და ტრენინგცენტრის გახსნას გეგმავს - პროექტის ღირებულება $1 მლნ

6411d9567c10a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.23 10:12
1701
ყავის სახლის ქართული ბრენდი „ერთი ყავა“ თბილისში ერთ სივრცეში ყავის გადამუშავებისა და ბარისტების გადასამზადებლად ტრენინგცენტრის გახსნას გეგმავს.

Forbes Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებლები ქსენია მარკოვსკაია და ტანია მერზლა ყვებიან, რომ ყავის სახლი „ერთი ყავას“ პირველი ფილიალი 2017 წელს მესტიაში გაიხსნა და პარტნიორებმა Specialty ყავის ცნობადობის ამაღლება პირველადი 10 000 დოლარის ინვესტირებით, სწორედ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან დაიწყეს. დღეს „ერთი ყავა“ მესტიაში, თბილისსა და ბათუმში ხუთი ფილიალით, ₾3.5-მილიონიანი ბრუნვით და თითოეულ ფილიალში წელიწადში მინიმუმ 150 000 ჭიქა გაყიდული ყავით, ყავის ქსელური ბრენდია, რომელიც დამფუძნებლების თქმით, ყოველ ობიექტში, მსოფლიო სტანდარტის მიხედვით, ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდვების მაქსიმუმს აღწევს. ბიზნესპარტნიორები ამ რიცხვებს არ ჯერდებიან და ქართულ ბაზარზე კომპანიის განვითარებასა და Specialty ყავის ცნობადობაზე მუშაობას აგრძელებენ.

„ადგილობრივ ბაზარზე წელს ჩვენს ქსელს ერთი ფლაგმანი ფილიალი შეემატება, რომელიც ყავის მოსახალ საწარმოს და კადრების გადამზადების ტრენინგცენტრს გააერთიანებს. 1 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება თბილისში იგეგმება და ის 1 000 კვ/მ-ზე განთავსდება. ახლა ადგილის შერჩევის პროცესში ვართ. ამ ფილიალში მომხმარებელს ჩვენს Specialty ყავასა და ჯანსაღ საუზმეს შევთავაზებთ, რომელიც კომპანიამ რამდენიმე წლის წინ უკრაინიდან შეფმზარეულის მოწვევით შექმნა, სამი წლის შემდეგ ამავე შეფმზარეულის მოწვევით მენიუს კიდევ უფრო დავხვეწთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჯანსაღი საუზმის კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი.

პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენ გვექნება საკუთარი საწარმო და ყავის იმპორტის 4-რგოლიანი ჯაჭვიდან მოხალვის კომპონენტი ამოვარდება. წარმოების საერთო სიმძლავრე თვეში 15-20 ტონა ყავის მოხალვა იქნება, რომლის ნაწილითაც ადგილობრივი ბაზარი მომარაგდება, დარჩენილ ნაწილს კი ექსპორტზე მივმართავთ.

რაც შეეხება ტრენინგცენტრს, მისი საშუალებით ჩვენ კომპანიისა და ბაზრისთვის პროფესიონალი ბარისტების მომზადებას შევძლებთ და ამ მხრივ არსებულ კადრების დეფიციტს შევავსებთ“, - ამბობს ქსენია მარკოვსკაია.

პარტნიორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებისთვის ინვესტორის მოძიების პროცესში არიან.

„2023 წელს ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ხარისხი, ბრენდი და მარკეტინგი, და ასევე ქვეყანაში Specialty ყავის ცნობადობის ამაღლება და ბაზრის განვითარება იქნება. პირველი ობიექტის გახსნისას არ ვფიქრობდით იმაზე, რომ წლების შემდეგ ბაზრის განვითარებაზე დავიწყებდით ზრუნვას. ჩვენ მცირე ბიზნესის განვითარების ყველა საფეხური გამოვიარეთ და ახლა ქართული ბრენდის განვითარების გეგმებს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ვსახავთ. საქმე ის არის, რომ ქსელი „ერთი ყავა“ სწრაფად განვითარდა და უკვე ხუთ ფილიალს აერთიანებს. მომავალში ათი ობიექტის გახსნა გვინდა. განვითარების ეს ტემპი პარტნიორობას და ინვესტირებას საჭიროებს. ამ პერიოდში ინვესტორების მოძიების პროცესში ვართ და ეს განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია იქნება“, - განმარტა დამფუძნებელმა.