მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eurocontrol-მა 2022 წელს ავიაციის აღდგენის პროგნოზი შეამცირა

629a1e6a7dd4f
მარიამ ვარადაშვილი
03.06.22 21:00
754
Eurocontrol-ის განახლებული პროგნოზით, უკრაინაში ომისა და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ავიაცია პრეპანდემიურ პერიოდს 2024 წლისთვის დაუბრუნდება. ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წელს ევროპის ავიაცია 9.5 მლნ ფრენით 2019 წლის მაჩვენებლის 85%-ს მიაღწევს. ოპტიმისტური სცენარით, ფრენების აღდგენის დონე 91% უნდა იყოს 10 მლნ-ზე მეტი ფრენით. ნეგატიური სცენარით კი - 2019 წელს 8.6 მლნ ფრენით აღდგენის მაჩვენებელი 77% იქნება.

ორგანიზაციის ცნობითვე, წლის დასაწყისში ფრენების ოდენობა 2019 წელთან შედარებით 78%-ზე იყო, რისი მიზეზიც კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი იყო, თუმცა ამ ეტაპზე აღდგენის მაჩვენებელი 86%-ს შეადგენს.

ევროპაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ 2021 წლის ოქტომბრის პროგნოზებს გადახედა და აღდგენის ბაზისური სცენარი 89%-დან 85%-მდე შეამცირა. ოქტომბერში ომიკრონის შტამი და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი გათვალისწინებული არ ყოფილა, რასაც საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთისთვის ევროპის ცის თითქმის სრულად ჩაკეტვის პირობებში ბევრი მიმართულება ვერ სრულდება, ასევე გაიზარდა ენერგომატარებლებზე ფასი და ინფლაცია.

ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, ომის გამო ზოგიერთ ქვეყანაში გადაფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. გადაფრენები შემცირდა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, დანიაში, ნორვეგიასა და პოლონეთში. მაგალითად, 9-15 თებერვალთან შედარებით 16-22 მარტს გადაფრენები თითქმის 40%-ით შემცირდა პოლონეთში, 52%-ით კი ლიეტუვაში. ამავე პერიოდში გადაფრენები გაიზარდა სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში და სხვა. საქართველოში გადაფრენები 80%-ით იყო გაზრდილი.

პრეპანდემიურ დონესთან ანუ 2019 წლის მაჩვენებელთან ავიაციის დაბრუნებას Eurocontrol 2024 წლისთვის მოელის. ორგანიზაციის განცხადებით, წლიურად 11 მლნ ფრენის მაჩვენებელი სწორედ 2024 წელს იქნება.