07.აპრილი .2019 20:03

ევროკავშირის TOP-5 ქვეყანა, საიდანაც 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი FDI შემოვიდა

views 741
უკან

გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და გერმანია - ეს ევროკავშირის ის 5 ქვეყანაა, საიდანაც 2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში.

საქსტატის მიხედვით, TOP-5-ის სათავეშია გაერთიანებული სამეფო, საიდანაც გასულ წელს 203,7 მლნ დოლარის FDI შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში (178 მლნ დოლარი), უძრავ ქონებასა (7 მლნ დოლარი) და ჯანდაცვაში (6 მლნ დოლარი) ჩაიდო.

განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, TOP-ხუთეულში მეორე პოზიციაზე ნიდერლანდებია 167.8 მლნ დოლარით. ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დარგებს კი წარმოადგენდა: დამამუშავებელი მრეწველობა (82.5 მლნ დოლარი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (51.7 მლნ დოლარი) და საფინანსო სექტორი (30.8 მლნ დოლარი).

ევროკავშირის TOP-ინვესტორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა ჩეხეთი, საიდანაც გასულ წელს 72.3 მლნ დოლარის FDI შემოვიდა. საქსტატის რიცხვები ყვებიან, რომ ჩეხი ინვესტორებისთვის საქართველოში ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დარგს ენერგეტიკის სექტორი (70.9 მლნ დოლარი) წარმოადგენს. შემდეგ მოდის უძრავი ქონება და სასტუმროების სფერო, სადაც 2018 წელს ჯამში 1 მლნ დოლარამდე ინვესტიციაც არ ჩადებულა ჩეხეთიდან. აღსანიშნავია, რომ მაგალითად, მშენებლობის სექტორში ადგილი ჰქონდა FDI-ის უარყოფით მაჩვენებელს 5 მლნ დოლარამდე (შესაძლოა, ინვესტორმა თავისი წილი გაიტანა).

ინვესტორების TOP-5-ს ლუქსემბურგი და გერმანია ხურავენ, შესაბამისად, 48.4 მლნ და 42 მლნ დოლარით.

ლუქსემბურგის შემთხვევაში, ყველაზე მეტი FDI საქართველოში დამამუშავებელ მრეწველობაში (36.2 მლნ დოლარი), სოფლის მეურნეობასა (14.7 მლნ დოლარი) და ენერგეტიკაში (2.9 მლნ დოლარი) ჩაიდო.

რაც შეეხება გერმანიას, საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს გერმანელმა ინვესტორებმა საქართველოს დამამუშავებელ მრეწველობაში 21.3 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, უძრავ ქონებაში - 12,6 მლნ დოლარი ჩადეს, ხოლო მშენებლობაში - 3.5 მლნ დოლარი.

ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

არსებული მონაცემით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმზე ფიქსირდება. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა და 1 020.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა