მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში თბილისის კონკურენტებია ლონდონი, ვენა, ათენი, რომი

5e1f48b5e935d
BM.GE
15.01.20 22:14
1272
„ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთაშორისო კონკურსში „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) თბილისის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა. კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხმის მიცემის პროცედურა 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

"ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოში, ევროპაში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვანახოთ ეს მსოფლიოს, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში ჩვენი დედაქალაქის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ. გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება.

კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი: www.vote.ebdest.in. ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო და სრულდება 5 თებერვალს 14:59 საათზე. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან.

ამასთანავე, კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi.