მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი ორმა კომიტეტმა დაუჭირა

6400e5cbb1779
ალა ისპირიანი
02.03.23 21:51
944
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარლამენტში გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ვერ იწყებოდა. პარლამენტში მისულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტის წევრებს სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ისინი სასტვენებით და ბანერებით იყვნენ შესული და ამბობენ, რომ დეპუტატებს რუსული კანონის მიღების შესაძლებლობას არ მისცემდნენ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია ახლაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. 

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები