მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგზე ინვესტორმა უარი თქვა, მერია ახალ კომპანიას ელოდება

5d9dfb99f1ab2
სალომე მეცხვარიშვილი
09.10.19 20:30
1381
თბილისის მერიის საინვესტიციო პორტფელი უკვე დიდი ხანია დედაქალაქში 4 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას მოიცავს. ინტერესთა გამოხატვის რამდენჯერმე გამოცხადების შემდეგ ერთ–ერთ ლოკაციაზე, ფილარმონიასთან, გამარჯვებული გამოვლინდა, თუმცა კომპანია "x2-მა" 3 თვეში პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა და ის არარენტაბელურად მიიჩნია.

კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ერთ–ერთი მიზეზი მიწისქვეშა ჩამდინარე წყლები იყო, რომელიც პროექტს აძვირებდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა, მერიაში ამბობენ, რომ ისინი ახალ ინვესტორს ელოდებიან.

"სწორედ იმიტომ, რომ მიწისქვეშა მშენებლობა თბილისისთვის ახალია, ჩვენ ჩავდეთ ასეთი პუნქტი (ხელშეკრულებაში), რომ 3 თვის მანძილზე ინვესტორს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ დეტალურად მოეკვლია არეალი, რაც გააკეთა კიდეც კომპანიამ, რომელმაც გაიმარჯვა, შემდგომ დაგვიბრუნდა და გვითხრა, რომ ეს არ იყო მისთვის რენტაბელური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვისთვის არ შეიძლება იყოს ეს რენტაბელური.

მიწისქვეშა წყალი არ ნიშნავს, რომ პროექტი ვერ განხორციელდება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან", - აცხადებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია.

კითხვაზე, რატომ შეირჩა ისეთი ლოკაცია, სადაც მსგავსი ტიპის პრობლემები ფიქსირდებოდა, მერიის ეკონომიკურ სამსახურში ამბობენ, რომ ადგილები რამდენიმე წლის წინ კომპანია PWC-მა შეარჩია.

"ეს პროექტი ჩვენთვის კვლავ აქტუალურია, კვლავ ველოდებით ინვესტორების შემოთავაზებას. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის შემდეგ, ასევე ზონალური პარკინგის შემოღების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ეს პროექტი. მიგვაჩნია, რომ ეს საჭირო ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ამ ეტაპზე ბიუჯეტის თანხის ამაზე დახარჯვა, არასწორად მიგვაჩნია", - აცხადებს ანდრია ბასილაია.