საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ „ბიზნეკსონტრაქტს“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავამ განუცხადა.
"სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის შექმნის პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, რადგან გვინდოდა, სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებები და ეროვნული ბანკის პოზიცია მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში სტრატეგია საჯარო გახდება. დოკუმენტში შედარებულია სხვადსახვა სახის სესხის აღება და მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საშინაო ვალს გააჩნია გარკვეული უპირატესობები. კერძოდ, საქართველოს მთავრობების მიერ აღებულ ვალის პორტფელში შიდა ვალის მოცულობა რომ მეტი ყოფილიყო, გაცვლითი კურსის მერყეობა ამ ვალს დიდად არ გაგვიზრდიდა. ვფიქრობ, ეს რისკი და ასევე ის, რომ შიდა ვალის აღება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ხელს უწყობს, მნიშვნელოვნად უნდა იყოს გათვალისწინებული ვალის აღების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - განაცხადა დავით ლეჟავამ.
ცნობისთვის: 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკუთარ დასკვნაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აქცენტი სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამხვილა. დოკუმენტი მთავრობას 2016 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ამ დრომდე არაა გამოქვეყნებული.

























