მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფქვილის ადგილობრივი წარმოების შემცირების ხარჯზე იმპორტი იზრდება - „საქმე სასურსათო უსაფრთხოებას ეხება“

61853eecc5c35
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.21 22:45
1084
იმის გამო, რომ საერთშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა და ერთი ტონა ნედლეულის ღირებულებამ 350 დოლარს მიაღწია, ქართულ წისქვილკომბინატებს ხორბლის ადგილზე გადამუშავება და ფქვილის წარმოება აღარ უღირთ. მათთვის ხორბალს კიდევ უფრო აძვირებს მთავარი მომწოდებელი ქვეყნის, რუსეთის მხრიდან დაწესებული საბაჟო ტარიფი, ამიტომ ადგილობრივად ფქვილის წარმოებას უკვე ანაცვლებს იმპორტი, რადგან ხორბლისგან განსხვავებით საბაჟო ტარიფი ფქვილზე არ ვრცელდება.

როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ BM.GE-ის განუცხადა, სამი წისქვილკომბინატი ხორბლის იმპორტის შემცირების ხარჯზე ფქვილის იმპორტზე უკვე გადავიდა.

არსებული ინფორმაციით, ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის წარმოქმნილი დისბალანსით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მიზნით ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც ეკონომიკის მინისტრის, სოფლის მეურნეობის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის მოადგილეებს აერთიანებს და რომელიც ხორბლის იმპორტიორებისა და ფქვილის იმპორტიორების ოპერირების თანაბარი პირობების უზრუნველყოფაზე მუშაობს.

ლევან სილაგავა BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გასულ კვირას ასოციაციამ და დარგის წარმომადგენლებმა პრემიერს და აგრარულ საკითხთა კომიტეტსაც მიმართა და შესაბამის გადაწყვეტილებას უწყებათშორისი საბჭოსგან მომდევნო კვირაში ელის.

„ჩვენ მივმართეთ და გავაცანით სახელმწიფოს ჩვენი პრობლემები. წისქვილები არაფერს ითხოვენ, მათ უნდათ პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე, რომ ვიცოდეთ ხორბლის შემოტანას შეძლებენ, თუ ფქვილის. დანარჩენი სახელმწიფოს ხედვის ნაწილია. ჩვენ დავდეთ ანალიზი, რომ ხორბლის მარაგების მხრივ დღეს კატასტროფა არ გვაქვს, მაგრამ საყურადღებო პარამეტრებს ვუახლოვდებით, როდესაც წისქვილკომბინატებმა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ გავაგრძელოთ ხორბლის იმპორტი და გადამუშავება, თუ გადავიდეთ ფქვილის იმპორტზე. რამდენიმე წისქვილკომბინატმა ფქვილის შემოტანა, ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე უკვე დაიწყო, ანუ გადავიდა იმპორტზე. შესაბამისად, ეს ძალიან საყურადღებო სიტუაციაა. საქმე ის არის, რომ ფქვილის წარმოებების მხრიდან ფქვილის იმპორტზე გადასვლა, გარდა იმისა რომ დასაქმებულების გათავისუფლების პრობლემა შექმნის, ამასთან გვექნება ხორბლის მარაგების პრობლემა, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხია. ფქვილის შენახვის ვადა 2 თვეა, ხოლო ხორბლის გაცილებით მეტი. ხორბლის იმპორტიორები, შეძენისას გარკვეულ სასურსათო ბალიშს ქმნიდნენ, რაც ფქვილის იმპორტზე გადასვლის შემთხვევაში ვერ განხორციელდება. სასურსათო მარაგების არქონის შემთხვევაში კი საერთაშორისო ბაზარზე მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში ეს პირდაპირ დაარტყამს სექტორს.

ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება - საკანონმდებლო, სატარიფო კვოტები იქნება თუ წინასაიმპორტო ნებართვების მხრივ ლიცენზირების გაყიდვა ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის ბალანსს უნდა იცავდეს, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება არ დაზიანდეს. პირამიდის ზედა წერტილი სასურსათო უსაფრთხოებაა და თუ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიცვათ ბალანსი ფქვილის და ხორბლის იმპორტს შორის“, - განმარტავს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის: რუსეთი ფედერაციამ მარცვლეულ კულტურებზე მცურავი ბაჟის მექანიზმი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა. ექსპორტის გადასახადი ყოველკვირეულად საფასო მაჩვენებლების საფუძველზე ითვლება, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე საექსპორტო კონტრაქტების ღირებულებით განისაზღვრება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთიდან ფქვილის ექსპორტზე ნულოვანი გადასახადი მოქმედებს, რამაც ფქვილზე მოთხოვნა გაზარდა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს. საქართველოსთვის მარცვლეული კულტურების, კონკრეტულად კი ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტი 15.6%-ით შემცირდა და შემოსული 282 866.82 ტონა იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 67.8 მლნ დოლარი შეადგინა. ხორბლის იმპორტის კლების პარალელურად ქვეყანაში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაორმაგდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 16 430.9 ტონა ფქვილის შესაძენად ქვეყნიდან 4.9 მლნ დოლარი გავიდა. შესაბამისად, იმპორტი 115.5%-ითაა გაზრდილი. ფქვილის შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია, თუმცა ამ პროდუქტთან მიმართებით რუსეთში საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები