მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადამხდელთა კავშირი: "საქართველოს ფოსტა" არაეფექტიანად იმართება

5e513dde2ec01
BM.GE
23.02.20 00:10
1168
საქართველოს გადამხდელთა კავშირის შეფასებით, სახელმწიფო შპს-ები არაეფექტიანად და კერძო ინტერესებიდან გამომდინარე იმართება.

ერთ-ერთ მაგალითად ორგანიზაციას „საქართველოს ფოსტა“ და „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მოჰყავს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს იშველიებს. ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა „საქართველოს ფოსტას“ საპრივატიზაციოდ ამზადებს. როგორც bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, უკვე დასრულებულია ფოსტის აუდიტი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნა ამ ეტაპზე საჯარო არ არის, შესაბამისად, უცნობია, რა ფასად შეაფასა აუდიტორულმა კომპანიამ „საქართველოს ფოსტა“.

საქართველოს გადამხდელთა კავშირის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„შპს “საქართველოს ფოსტის“ (რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა) ხელმძღვანელის ლევან ჩიკვაიძის 2018 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მხოლოდ 1 წელიწადში მისი შემოსავალი დაახლოებით 158 000 ლარია. ის ამ პერიოდში ( და წინა წლებშიც) პარალელურად იყო კიდევ ორი კომპანიის ხელმძღვანელი: "საქართველოს ლატარიის კომპანია" და შპს "ექსპრესი"- ორივე კომპანიის 70 % მფლობელი არის სახელმწიფო, მათ შორის შპს "ექსპრესის"-ის მფლობელი თავად საქართველოს ფოსტაა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს ფოსტას დაუფიქსირდა უარყოფითი ფინანსური შედეგი და ჯამურმა საოპერაციო ზარალმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს ლატარიის კომპანიას, მან 10-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2009 წელს მიიღო. თუმცა კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების ვერ შეასრულა და ბიუჯეტის წინაშე 200-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა. კომპანიამ უკანასკნელი გათამაშება 2017 წლის 1 სექტემბერს ჩაატარა. მიუხედავად იმისა, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კომპანიისთვის ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია შეეწყვიტა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თავად ლევან ჩიკვილაძე, კომპანიისგან ხელფასს მაინც იღებდა (2017 წ -85013,65 ლ, ხოლო 2018 წ -75250 ლარი).

ცნობისთვის: 2015 წლის 24 აპრილს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაუხდელი საიჯარო ქირის დაკისრება, ჯამში − 661,728 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა ლატარიის კომპანიის სარჩელი და ფოსტას გამქირავებლის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის დავალიანების გადახდა, 661,728 ლარის ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომპანიის დირექტორი ერთი და იგივე პიროვნებაა.

2018 წლის დასაწყისში გაფორმებული მორიგების აქტის საფუძველზე, გადასახდელი 661,728 ლარის სანაცვლოდ, შპს „საქართველოს ფოსტამ“ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, საერთო ფართით − 1,858.85 კვ.მ.

ლატარიის კომპანიასთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში − ქონების გადაცემა დავალიანების სანაცვლოდ − დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნა საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობის შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულებებს, როგორც ფოსტის, ისე ლატარიის კომპანიის მხრიდან, ხელს აწერს ერთი და იგივე პირი, რომელიც ერთდროულად არის ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი” - წერია სახ. აუდიტის დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვოთ, 2017 წლის მანძილზე 1,545 თანამშრომელზე გაცემულია 6,640,481 ლარის დანამატი. შპს „საქართველოს ფოსტაში“ დანამატების ოდენობები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ბრძანებებით.

ჩვენთვის, ეს ერთი მაგალითი, სრულიად ცხადყოფს სახელმწიფო შპს-ების არა მარტო არაეფექტიან და ზარალიან საქმიანობას, არამედ არამიზნობრივად და კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების განკარგვასა თუ გასხვისებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება. შესაბამისად, დარღვეულია როგორც სამოქალაქო კოდექსის #114 მუხლი, ასევე სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, „საქართველოს ფოსტის“ საქმიანობები მიმდინარეობდა მთელი რიგი პროცედურების დარღვევით, რამაც გამოიწვია სახელმწიფო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა, რასაც შესაბამისი უწყებებიდად აუცილებლად უნდა მოყვეს კანნონიერი და სამართლიანი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.