ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ სახელმწიფოს დავალიანება არ აქვს.
კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ 2023 წლის იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი სახელმწიფომ 524 მილიონი ლარით დააფინანსა.
“შესაბამისი რეგულაციებით დადგენილი გადახდის ვადების გათვალისწინებით დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან, 73 სამუშაო დღით. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული, იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე დამუშავებულია და კლინიკები მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული. ასევე, ავანსის სახით, გაცემულია მარტის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების თანხა”,-ნათქვამია განცხადებაში.
გასულ კვირაში შრომის ინსპექციამ კლინიკები მედპერსონალისთვის ხელფასების დაგვიანების გამო გააფრთხილა. როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ bm.ge-თან განაცხადა, თუ კლინიკა პერსონალს ხელფასებს დროულად არ გადაუხდის, ინსპექცია თავისი მანდატის ფარგლებში სამინისტროსგან მოითხოვს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება კლინიკას დაუკავოს.
„შრომის კოდექსით განსაზღვრულია, რომ თუ სამედიცინო დაწესებულება დააგვიანებს და არ გადაუხდის კონკრეტულ რიცხვში მედპერსონალს ხელფასს 0,07% ერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და გაზრდილი ოდენობით უნდა მიიღოს შესაბამისად პერსონალმა ანაზღაურება. დამატებით შრომის ინსპექციის მანდატი არის, რომ თუ ჩვენ შევხედავთ, რომ თანხა არ იქნება ჩარიცხული და დანაკლისით იქნება ჩარიცხული, ჩვენ მივმართავთ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მათი მხრიდან მოხდება [კლინიკისთვის] თანხის დაკავება, სანამ არ მოახდენს სამედიცინო დაწესებულება კუთვნილი ანაზღაურების სრულად ჩარიცხვას მედპერსონალის მიმართ“,-განმარტა ფერაძე და დასძენს, რომ შრომის ინსპექციას ეს მექანიზმი ჯერ არ გამოუყენებია.
ევექსის რაიონული კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შრომის ინსპექციის საპასუხოდ ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში ხელფასების გაცემა იმიტომ გვიანდება, რომ სახელმწიფოს კლინიკების რამდენიმეთვიანი დავალიანება აქვს.
ვრცლად ამ თემაზე: სამინისტროს კლინიკების დავალიანება აქვს - „მოგვიწოდებენ, ხელფასების გასაცემად სესხი ავიღოთ“