მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის ეკონომიკა: რა გააკეთა გვარჯალაძემ?

5f92efb38a0fb
ანუკა ჯოხაძე
24.10.20 10:10
2867
თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის პრეზენტაცია 2 წლის წინ, 2018 წელს გამართა და საზოგადოებას გააცნო ის მთავარი მიმართულებები, რაზეც ღამის ეკონომიკის პროექტში ჩართული ადამიანები იმუშავებდნენ. პროექტის მენეჯერად კი სერგი გვარჯალაძე დანიშნა.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მალევე, რამდენიმე თვეში, ღამის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაც უნდა გვქონოდა, თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ღამის ეკონომიკის სტრატეგიას შეიმუშავებდა, ვერ მოიძებნა.

ტენდერი 2019 წლის მაისში კვლავ გამოცხადდა, თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში თბილისის მერია 135 000 ლარს იხდიდა, თუმცა ტენდერი ისევ ჩაიშალა.

რამდენჯერმე ჩაშლილი ტენდერის შემდეგ კონცეფციის შედგენა თავად ღამის ეკონომიკის პროექტის გუნდმა გადაწყვიტა. 2-წლიანი მუშაობის შემდეგ შეიქმნა განვითარების კონცეფციაც, რომლის პრეზენტაციაც 2020 წლის მარტში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო ჩაიშალა.

რამდენიმე თვეში კი გაირკვა, რომ 2,5 წლიანი მუშაობის შემდეგ შექმნილი სტრატეგია, რომელიც საზოგადოებას ჯერ არც უნახავს, შესაძლოა შესაცვლელიც გახდეს. მიზეზად Covid19-ის გამო შეცვლილი რეალობა დასახელდა.

2020 წლის აგვისტოში თანამდებობა დატოვა ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ, შედეგად, ამ დრომდე პროექტი მენეჯერის გარეშეა.

BM.GE-მ თბილისის მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ძირითადი ღონისძიებები განხორციელდა პროექტ ღამის ეკონომიკის ფარგლებში, ჩამონათვალი კი ასეთია:

ღამის ავტობუსი #222

პროექტის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა მარშრუტი და ჩაუშვა ღამის ავტობუსის პროექტი, რომელიც პარასკევს და შაბათს გადაადგილდება მეტრო ახმეტელიდან მეტრო ვარკეთილამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უმეტესი კულტურული ეპიცენტრის გავლით. 2019 წლის განმავლობაში ღამის ავტობუსით იმგზავრა 1608 ადამიანმა.
ღამის ეკონომიკის ფორუმი

2018 წლის ნოემბერში თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, ღამის ეკონომიკის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება იყო. ფორუმი დაფინანსდა კერძო სექტორის მიერ.

ფუდთრაქების (მოძრავი კვების ობიექტების) ხელშეწყობა:

პროექტის განხორციელების მიზნით, შემუშავდა მათი ტექნიკური სტანდარტების დოკუმენტი;

შეიქმნა პლატფორმა Night Lab - ღამის ლაბორატორია

პლატფორმა აერთიანებს რეგულარულ ღონისძიებებს. Night Lab-ის ფარგლებში სპონსორებისა და პარტნიორების ხელშეწყობით 2019 წლის მარტში ჩატარდა Night Lab ჰაკათონი, რომელიც არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების სერია, სადაც კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, ახდენენ პროდუქტების ან ბიზნეს იდეების გენერირებას.

ვორქშოფი “ხმაურის იზოლაცია”

აკუსტიკური დანაგვიანების პრობლემის აღმოსაფხვრელად, ბარ-რესტორნების/კაფეების მფლობელებისა და დაინტერესებული პირებისთვის, 2019 წლის ივლისში ვორქშოფი ჩატარდა. მონაწილეებმა აკუსტიკური იზოლაციის მარტივი და ბიუჯეტური გზების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ვორქშოფი ღამის ტურიზმის განვითარების თემაზე

2019 წლის ივლისში, ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ ჩარჩოებში, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის პარალელურად, პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ, ჩაატარა ვორქშოფი თემაზე - ღამის ტურიზმის განვითარების პოტენციალი.

ტრენინგი სერვისსა და მენეჯმენტში

2019 წლის ოქტომბერში თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის და ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის” თანამშრომლობით, სერვისის და მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროში მომუშავე გაყიდვებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერებმა, ასევე ტრენინგებისა და განვითარების სპეციალისტებმა მიიღეს.

ფესტივალი “ციფრული თბილისი”

2019 წლის ოქტომბერში, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის პარტნიორობით, სამდღიანი ფესტივალი “ციფრული თბილისი” გაიმართა.

აკუსტიკური დანაგვიანება

ჩატარდა არაერთი შეხვედრა აკუსტიკური დანაგვიანების პრობლემის აღმოსაფხვრელად. მათ შორის, “საქართველოს რესტორატორთა ასოციაციასთან”, არასამთავრობო ორგანიზაციასთან “არა ხმაურს”, აკუსტიკურ კომპანიებთან, დაზარალებულ მოქალაქეებთან. შედეგად, მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფთან ერთად შემუშავდა ღონისძიებები ხმაურის პრობლემის გადასაჭრელად.

B2B შეხვედრები

2019 წლის დეკემბერში, თბილისს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების ორგანიზატორები ეწვივნენ. Primavera Sound, Sonar, Awakenings, Atlas Weekend და Cirque du Soleil - აღნიშნული ღონისძიებების წარმომადგენლებმა თბილისის საკონცერტო და საფესტივალო სივრცეები დაათვალიერეს და ადგილობრივ პრომოუტერებთან, ივენთ მენეჯერებთან და ფესტივალების წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს. ღონისძიებაში 25-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვის ჩატარება

ვინაიდან COVID-19-მა კომერციულ, კულტურულ და ღამის ეკონომიკის სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მიღებული ზარალის შესწავლისა და გაანალიზების მიზნით, ღამის ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა გამოკითხვის ფორმატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფესტივალებმა, კლუბებმა, მენეჯერებმა, პრომოუტერებმა, არტისტებმა და თბილისის კულტურულ სცენაზე მოღვაწე პირებმა და ორგანიზაციებმა.

კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრები

2020 წლის მარტის შემდეგ მიმდინარეობდა შეხვედრები პანდემიის შედეგად დაზარალებულ მხარეებთან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ღამის ეკონომიკის პროექტის სამუშაო ჯგუფების ორგანიზებით. შეხვედრებზე მოხდა კლუბების, ბარების, გასართობი დაწესებულებებისა და სხვა კულტურული ობიექტების პრობლემების იდენტიფიცირება.

დაინტერესებულ ჯგუფებთან კომუნიკაცია და საკონსულტაციო შეხვედრები

გრძელდება ღამის ეკონომიკის პროექტის დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და აქტიური შეხვედრები, სადაც მოქალაქეები ახდენენ სხვადასხვა იდეების, ახალგაზრდული ინიციატივებისა და ინოვაციური პროექტების წარმოდგენას, რის შემდეგაც ღამის ეკონომიკის სამუშაო ჯგუფი კონსტულაციას უწევს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებასა და სწორი მიმართულების განსაზღვაში.

ჯაზფესტივალი "ზაფხულის ღამის ჯაზი"

2020 წლის აგვისტოში თბილისის მერიის მხარდაჭერით, მუსიკოსების მიერ დაფუძნებული ჯაზფესტივალი "ზაფხულის ღამის ჯაზი" გაიმართა. ფესტივალმა არტოს ბაღში 50-მდე მუსიკოსს უმასპინძლა და ჯაზის მოყვარულებს სამი საღამო აჩუქა.

ქუჩის მუსიკის ფესტივალი

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 9-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას ჭავჭავაძის გამზირზე ქუჩის მუსიკოსები პერფორმანსებს მართავდნენ.

რაც შეეხება თანხებს, რაც ამ მიმართულებით დაიხარჯა, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ღამის ეკონომიკის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან თანხა არ დახარჯულა.

ღამის ეკონომიკის პროექტის მიმართ ამ სექტორში მომუშავე ადამიანებს არაერთი კრიტიკული შეფასება გაუკეთებიათ. კრიტიკა კი განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს გახშირდა. კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ გამოკითხვამ, რომელიც ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, მსხვილი ბიზნესები, რომელთაც სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, არ ჩართო, შესაბამისად, მათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება ვერ მოახერხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები