მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის კლუბები 2 კვირით ისევ დახურეს

61dec24f0336d
ანუკა ჯოხაძე
12.01.22 16:04
4840

მომავალი 2 კვირის განმავლობაში ღამის კლუბების საქმიანობა ისევ იზღუდება. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის საკლუბო ინდუსტრიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა. როგორც ის ამბობს, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკლუბო ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ესწრებოდნენ.

მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა მომავალი 2 კვირის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შეჩერება იყო და ამასთან, იქმნება საკომუნიკაციო პლატფორმაც, რომლის მეშვეობითაც ყოველკვირეულად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

"შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც საბუთდება "ომიკრონის" შტამის ძალიან სწრაფი გავრცელებით. მთავრობამ გვთხოვა, რომ შეგვეჩერებინა აქტივობა ამ ორი კვირის განმავლობაში. ამის პარალელურად დაანონსეს საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც დააორგანიზდება ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით. კლუბების მუშაობის საკითხი ყოველკვირეულ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით გადაიხედება", - აცხადებს კლუბების წარმომადგენელი.

ცნობისთვის: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 31 დეკემბრიდან ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე გამკაცრებული რეგულაციებით სტუმართა შეზღუდული რაოდენობა დაიშვებოდა.