მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარე განათების შეცვლაზე ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება - კალაძე

60dacea529148
ინგა მურუსიძე
29.06.21 11:49
669
თბილისის მერ, კახა კალაძის განცხადებით, გარე განათებების შეცვლის მიმართულებით ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

მერის თქმით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ქალაქში სანათების შეცვლაზე 23 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

„ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი ამ მიმართულებით არ იხარჯება. გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება მოიძიოს თანხები და ამ თანხებით განახორციელოს სანათების ჩანაცვლების პროექტი. იმ თანხიდან, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვხარჯავთ და ვიხდით ელექტროენერგიის მოხმარებაში, დაზოგილი რესურსი მიმართული იქნება ამ კონკრეტულ კომპანიაში. პირველი ქალაქი არ ვართ, ვინც ამ მოდელით მსგავს პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, თბილისის ვიცე-მერ, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, არსებობს რესურსი, რომ გარე-განათების სექტორმა გადასახადის 70% დაზოგოს.

„შევადგინეთ თბილისის გარე-განათების ახალი სტანდარტი. ახლა მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და კერძო კომპანიების, კერძო ინვესტიციით განხორციელდება 100 მილიონიანი თბილისის გარე-განათების განახლების პროექტი. თბილისის გარე-განათების სექტორს 70%-იანი დაზოგვის შესაძლებლობა გააჩნია“, - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჩაიშალა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სამი ტენდერი, რომლითაც, ჯამში, 85 მილიონი ლარის ღირებულების LED გარე განათებების შესყიდვა იგეგმებოდა. შესყიდვის ჩავარდნა, სავარაუდოდ, მისმა არასტანდარტულმა პირობებმა გამოიწვია.

გარე განათების ტენდერები 3 ნაწილად იყო დაყოფილი. მერია 28.4 მლნ ლარის, 27.7 მლნ ლარის და 29.3 მლნ ლარის ღირებულების 100,000 LED განათებას ყიდულობდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო, პროდუქცია წელს მიეწოდებინა, თუმცა “თბილსერვის ჯგუფი” ამ პროდუქციის საფასურს 10 წლის ვადაში გადაიხდიდა.

თავდაპირველად, თითოეული ამ ტენდერის ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიონით მაღალი იყო და მათი ჯამი 101 მილიონ ლარს შეადგენდა. განახლებული პირობებით კი “თბილსერვის ჯგუფი” ამ გარე განათებების შესყიდვაში 85 მილიონ ლარს იხდიდა, თუმცა არცერთმა კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა არ ისურვა.