მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოს დაცვის სამინისტრო: 2018 წლიდან ერთჯერადი პარკები აიკრძალება

58da3d354b8f6
BM.GE
28.03.17 15:00
10610
გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოში შეიძლება ეტაპობრივად აიკრძალოს პლასტიკის პარკები. როდიდან დაიწყება საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარების აკრძალვა და რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას გარემოსთვის, - თემაზე "საქმიან დილასთან" გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ვიკა მეტრეველი საუბრობს.

-ქალბატონო ვიკა, რა უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ პლასტიკის გამოყენება შევამციროთ და რაზე არის საუბარი, რაც შემდეგ უკვე პარლამენტმა და მთავრობამ უნდა განიხილონ?

-გარემოს დაცვის სამინისტრო პლასტიკის პარკების შემცირების მიზნით ნორმატიული აქტის პროექტზე მუშაობს. აღნიშნული პროექტის პირველადი ვერსია გულისხმობს იმას, რომ ეტაპობრივად მოხდეს პლასტიკური პარკების აკრძალვა, კონკრეტულად, 2017 წლის 1 სექტემბრიდან 10 მიკროზე ნაკლები სისქის პარკის გამოყენება, რეალიზაცია და საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი. 2018 წლის 1 იანვრიდან კი 15 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები აიკრძალება. ეს ყველაზე თხელი პლასტიკის პარკია, რომელიც ერთჯერადია და მისი მეორედ გამოყენება არ ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთელი რიგი რეგულაციები არსებობს. 2015 წლის 29 აპრილს ევროკავშირმა დირექტივა მიიღო, რომელიც პლასტიკის პარკებს ეხება, განსაკუთრებით მსუბუქ ფრაქციის ფერადი პარკებს, რომლებიც თხელი სისქისაა. ისინი ძალიან მსუბუქია და ქარით მარტივად ხდება მათი გადატანა და დანაგვიანებულია, როგორც ტყეები, ასევე მდინარეები და რაოდენობითაც ყველაზე დიდია, მას ბაზრის დაახლოებით 40% უჭირავს. საუბარია 15 მიკროზე ნაკლები სისქის პარკებზე. აღნიშნული დირექტივის შესაბამისად, რომელიც 2015 წელს მიიღო ევროკავშირმა პლასტიკის პარკების დიფერენციაციას ახდენს და 15 მიკროზე ნაკლები პლასტიკის პარკს მოიაზრებს, როგორც ყველაზე მსუბუქ ფრაქციას და 50 მიკროზე ნაკლები სისქის პარკს, როგორც მსუბუქ ფრაქციას. შესაბამისად 2010 წლის მონაცემით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთი მოქალაქე საშუალოდ დაახლოებით 198 პლასტიკის პარკს იყენებს. აღნიშნული დირექტივის შესაბამისად, წევრი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რომ ეს რიცხვი 90-მდე შეამცირონ 2019 წლისთვის, ხოლო 2025 წლისთვის აღნიშნულმა რიცხვმა 40-ს უნდა მიაღწიოს. ჩვენ შემთხვევაში ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ამ პარკებთან დაკავშირებით შეფასება ჩატარდა და 2014 წლის მონაცემით, რომელიც უფრო მზარდია და ბუნებრივია, ახლა ეს ციფრი არ გვექნება, საქართველოს ერთი მოქალაქე საშუალოდ 525 პლასტიკის პარკს მოიხმარს. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა სტატისტიკა აქვს. აღნიშნული პროექტის შემუშავების დროს, როდესაც საერთაშორისო გამოცდილებას ვეცნობოდით, მნიშვნელოვანია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საფრანგეთია პირველი ქვეყანა, რომელმაც 2016 წლიდან აკრძალა50 მიკროზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების გამოყენება, ხოლო 2017 წლიდან მთლიანად პლასტიკის პარკები აკრძალა.

-როგორ უნდა მოხდეს საქართველოში პლასტიკის პარკების შემცირება, როგორია აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს ხედვა?

-საერთაშორისო გამოცდილებით, ყველაზე კარგი ეკონომიური და ყველაზე კარგი ინსტრუმენტი შეზღუდვის კუთხით რამე გადასახადების ფასის დადგენა და დაწესებაა, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ და მას უფრო კარგი ეფექტი აქვს. მაგალითად, ირლანდიის შემთხვევაში ირლანდიამ 2002 წელს 15 ცენტის ოდენობით გადასახადი დააწესა ერთი პლასტიკის პარკზე. თუ მაჩვენებელი ერთ მოქალაქეზე 328 პარკი იყო, მაჩვენებელი 90%-ით შეამცირა. შემდეგ გადასახადი გაიზარდა და საბოლოოდ 2014 წლის მონაცემით, ირლანდიის ერთი მოქალაქე წელიწადში 14 პლასტიკის პარკს იყენებს. ასევე გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა დანიაა და იქ ერთი მოქალაქე წელიწადში 4 პლასტიკის პარკს იყენებს.

-სანამ აღნიშნული რეგულაცია ამოქმედდება, ჩვენთან როგორ ხდება ამ პარკების სანაგვეებზე განთავსება, დახარისხება და დამუშავება, რომ ისევ ბუნებაში არ იყოს გაფანტული?

-ყველაზე დიდი პრობლემაა და გარემო ყველაზე მეტად ნამდვილად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენების შედეგად ბინძურდება. ეს ნარჩენები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე მის სრულად დეგრადაციას ასწლეულები ჭირდება და პლასტიკის პარკები უკვდავი ნაგვის სახით გვევლინება. ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ერთჯერადი გამოყენების პარკებზე ვსაუბრობთ, მისი ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება. არის შემთხვევები, როდესაც ქარის მიერ გადაიტანება და აბსოლუტურად დაბინძურებულია ტყეები, რეკრეაციული ზონები, ტბები და მდინარეები. საკმაოდ დიდი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ როგორც ამ ადგილების დასუფთავება ასევე მისი სწორად მართვა მოხდეს.

-გათვალისწინებული თუ არის დაახლოებით რა ბიუჯეტი იქნება საჭირო აღნიშნული რეგულაციის ასამოქმედებლად?

-ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა ბუნებრივია, ფინანსური დათვლა დასჭირდება, რადგან ყველა აქტის შესაბამისი ფინანსური გაანგარიშება აუცილებელია. ჩვენ პროექტის გაცნობის მიზნით შევხდით, როგორც ასეთი პარკების მწარმოებლებს, ასევე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ხდება ასეთი პარკების დისტრიბუცია. ამ რეგულაციით დიდ ფინანსურ დანაკარგს არც მწარმოებლები განიცდიან, რადგან ამ შემთხვევაში დასამზადებელი იქნება უფრო მრავალჯერადი და დიდი სისქის პარკები.

-ადგილობრივი წარმოებული პარკები თუ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც სტანდარტით არის დაწესებული?

-ბიოდეგრადირებულ პარკებს რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალიან ბევრი ტესტი უნდა გაიარონ და მხოლოდ მისი დადებითად ჩაბარების შემდგომ ხდება ბიოდეგრადირებული პარკის მარკირება. საქართველოში სამწუხაროდ ბიოდეგრადირებული პარკები არ იწარმოება. ჩვენ ძირითადად ოქსოდეგრადირებული და ოქსობიოდეგრადირებადი პარკები გვაქვს, თუმცა ოქსობიოდეგრადირებული პარკები იგივე პლასტიკისგან დამზადებული პარკებია, რომელიც მის მიკრო ფრაგმენტებად დაშლას უწყობს ხელს, მაგრამ მისი სრულად დეგრადაცია არ ხდება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით უფრო მეტი კამპანიის ჩატარება თუ რა ზიანს აყენებს გარემოს და რატომ არის მისი შემცირება მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტს მხარს დაუჭერს, როგორც ბიზნესი, ასევე საზოგადოება და გარემოზე ყველა ერთად ვიზრუნებთ.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები