მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასახურებელი მოწყობილობების „კონტრაბანდული ეპოქის“ დასასრული - IQOS-ი საქართველოში შემოდის?

5f1828098631d
BM.GE
22.07.20 15:47
1929

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ IQOS-ის მოწყობილობა ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, IQOS-ის მსგავსი უკვამლო პროდუქტები მომავალში ტრადიციულ სიგარეტს ჩაანაცვლებენ. PMI-ს განცხადებით, კომპანიის მიზანია დაეხმაროს მწეველ მოსახლეობას, გადავიდეს თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე.

ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, IQOS-ის მოწყობილობა ახურებს თამბაქოს ღერს, რის შედეგადაც ნიკოტინის შემცველ აეროზოლს წარმოქმნის.

IQOS-ის მოწყობილობა საქართველოში ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. ამ მიზეზით კი ქვეყნის ბაზარზე IQOS-ისა და სპეციალური გასახურებელი ღერების (HEETS-ის) არალეგალური გზით შემოტანის მცდელობები საგრძნობლად იზრდება.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  2020 წლის ივნისში, უწყების მონიტორინგის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 375,000 ლარის ღირებულების უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინა.

თამბაქოზე კონტრაბანდას უარყოფითი გავლენა აქვს არა მხოლოდ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიერ მიღებულ თამბაქოს კონტროლის კანონში ჩანაწერი “თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტების” შესახებ მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. ამ დრომდე ქართული კანონმდებლობა ამ და ტრადიციული ტიპის თამბაქოს პროდუქტებს შორის დიფერენცირებულ მიდგომას არ ითვალისწინებდა.

საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თამბაქოს ახალ ნაწარმსა და გახურებად თამბაქოს პროდუქტებზე დიდი ინტერესი არსებობს.

ევროკავშირში, აშშ-ში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნივნელობაზე უფრო აქტიურად საუბრობენ.

მაგალითად, 2018 წელს Public Health England-მა ანგარიშიც მოამზადა ელექტრონული სიგარეტის უპირატესობაზე ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით. ასევე, აშშ-ში კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, 2019 წლის დეკემბერში უწყებამ თანხმობა განაცხადა ქვეყანის ბაზარზე IQOS-ის შეტანის შესახებ. იაპონიაში კი ვარაუდობენ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის IQOS-ის წილი გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების ბაზარზე 50%-ს გაუტოლდება.

დღეს IQOS-ის მოწყობილობა მსოფლიოს 54 ბაზარზე არის ხელმისაწვდომი და მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა 10.6 მილიონს უტოლდება.

როგორი მიდგომა არსებობს საქართველოში?

2019 წლის დეკემბერში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, „გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი“. პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით.

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა “ფილიპ მორისი” საქართველოს ბაზარზე IQOS-ის კომერციალიზაციასა და კონტრაბანდული გასახურებელი მოწყობილობების „ეპოქის“ დასრულებას. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბიემჯი“ კომპანიას დაუკავშირდება და „ფილიპ მორის საქართველოს“ ოფიციალურ განცხადებას მალე შემოგთავაზებთ.