მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუტამ ადანის მორიგი გამარჯვება - ბიზნესმენი ინდოეთში ახალ $3-მილიარდიან პორტს ააშენებს

632b0488c43eb
გიორგი თოლორდავა
21.09.22 17:32
806
მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი, გაუტამ ადანი სახელმწიფო ტენდერებსა და პროექტებში გამარჯვების უპრეცედენტო ტენდენციას განაგრძობს, ამჟამად ინდოელი მილიარდერის ჰოლდინგი დასავლეთ ბენგალში, ტაჯპურის სანაპიროზე ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან $1.8 მილიარდი უშუალოდ პორტის მშენებლობაზე დაიხარჯება, $1.2 მილიარდი კი - საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ბენგალის ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, პორტის მშენებლობის პროექტის მიმართ დაინტერესება ორმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა საბოლოოდ Adani Group-მა გაიმარჯვა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უდიდეს საზღვაო პორტებს, ტერმინალებსა და აეროპორტებს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში გაუტამ ადანიმ ქონებით ჯეფ ბეზოსსაც გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა. ამჟამად მისი ქონება 150 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის აზიის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანია.

კრიზისით მოცული 2022 წლის დაწყებიდან დღემდე მკვეთრად შემცირდა თითქმის ყველა მილიარდერის ქონება, გარდა ადანისა – მისი შეფასება 9 თვის განმავლობაში დაახლოებით 75 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც ნამდვილად უჩვეულო და გასაკვირია.

მიუხედავად მისი გასაოცარი წარმატებისა, გაუტამ ადანის გამდიდრების ისტორიის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცოტა რამ არის ცნობილი, რაც, გარკვეულწილად, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ 2020 წლამდე ადანი უმდიდრესი ადამიანების სიაში არც მოიაზრებოდა, ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს კი ტრადიციულად მუკეშ ამბანი ინარჩუნებდა.

განსაკუთრებით საინტერესოა ამ ორი ბიზნესმენის მაჩვენებლების შედარება, რადგან ორივე მათგანი ერთ ქვეყანასა და თითქმის ერთნაირ სამეწარმეო სფეროებს წარმოადგენს. 2020 წლის იანვარში მუკეშ ამბანის ქონება 59 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, გაუტამ ადანის კი – $10 მილიარდად. თითქმის ორ წელიწადში ამბანის ქონება $92 მილიარდამდე გაიზარდა, ადანის კი – 143 მილიარდ დოლარამდე, რაც ზრდის 1,330%-იანი მაჩვენებელია.

ადანის წარმოუდგენელი ტემპით გამდიდრება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების, კერძოდ, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის გაძვირებაა.

ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, საწარმოების, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებშია წარმოდგენილი. მიუხედავად საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელისა, ადანის უმთავრეს შემოსავლის წყაროს ენერგორესურსები წარმოადგენს.

Adani Group-ი ქვანახშირის მომპოვებელი მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანიაა, რომელიც ინდოეთის მასშტაბით 60-მდე საბადოს აკონტროლებს. ადანის კომპანიის კოლოსალურ მასშტაბებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ Adani Group-ზე ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული გლობალური ემისიების თითქმის 3% მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუტამ ადანის მფლობელობაში არსებული კონგლომერატი უფრო მეტად აბინძურებს დედამიწას, ვიდრე სახელმწიფოების სრული უმრავლესობა.

2020 წლის შემდეგ, ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული რეპუტაციული ლაქა ადანისთვის განსაკუთრებით ყურადსაღები აღმოჩნდა და ინდოელმა ბიზნესმენმა საკმაოდ აგრესიული „მწვანე“ პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. მან მიზნად დაისახა, Adani Group-ი მსოფლიოს მასშტაბით განახლებადი ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი გამხდარიყო და ამ მიმართულებით კომპანიამ რამდენიმე მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტიც მოამზადა.

მიუხედავად იმისა, რომ ადანი აქტიურად ცდილობს კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესებას, რათა ის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს გლობალური ინვესტორებისთვის, ის აგრეთვე მნიშვნელოვნად ზრდის ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ტემპის, რაც ახალი საბადოებისა და ჭაბურღილების ამოქმედებაში გამოიხატება.

გლობალური ბიზნესიმპერიის შექმნამდე, ადანი ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საქონლის იმპორტითა და ექსპორტით იყო დაკავებული. მცირე ბიზნესი რამდენიმე წელიწადში საკმაოდ მაღალშემოსავლიან კომპანიად, Adani Enterprise-ად იქცა.

სხვა წარმატებული მეწარმეებისა თუ ინოვატორებისგან განსხვავებით, ადანის არა უშუალო ნიჭი და ორიგინალურობა, არამედ სოციალური კაპიტალი და ადამიანური ურთიერთობები გამოარჩევს. მისი წარმატების რეალური ისტორია 1990-იან წლებში ინდოეთში მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების დაწყებას უკავშირდება. პირადი კონტაქტებისა და, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებების წყალობით, მთავრობის ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და პრივატიზაციის პოლიტიკა ზედმიწევნით ზუსტად მოერგო ადანის კომპანიის ინტერესებს და რამდენიმე წელიწადში მისი მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა.

1995 წელს Adani Group-მა გუჯარათის შტატის საჯარო ტენდერი მოიგო და ის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო პორტის ოპერატორი გახდა. მას შემდეგ, კომპანიის გაფართოება ლოგისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით გაგრძელდა, ამჟამად კი Adani Group-ი ინდოეთის უმსხვილეს აეროპორტებს, სატრანსპორტო ცენტრებს, საზღვაო პორტებსა და ტერმინალებს ფლობს.

2000 წლიდან გაუტამ ადანის კავშირები მთავრობის წევრებთან მნიშვნელოვნად გამყარდა, ამის პარალელურად კი გაიზარდა Adani Group-ის მიერ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების სიხშირე.

ადანის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ კაპიტალად პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან არსებული მჭიდრო კავშირი უნდა ჩაითვალოს. კარიერული და პოლიტიკური კრიზისის დროს, ადანიმ სერიოზული მატერიალური და რეპუტაციული მხარდაჭერა გაუწია ნარენდრა მოდის, რის გამოც ის დღემდე ადანის მთავარ მოკავშირედ რჩება.

მილიარდერების რეიტინგში ადანის გამოჩენა პირდაპირ კავშირშია 2014 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრად მოდის არჩევასთან. მას შემდეგ, Adani Group-ის გაფართოების ტემპი არნახული ტემპით გაიზარდა, ჰოლდინგის ქვეშ მოქცეული შვილობილი კომპანიების რაოდენობამ ასს გადააჭარბა. სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების ტენდენცია კი საეჭვოდან აშკარა მიკერძოებაში გადაიზარდა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი გამოცდილების გარეშე მასშტაბურ საავიაციო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

Adani Group-ის ქოლგის ქვეშ ამჟამად 6 მსხვილი კომპანიაა, საფონდო ბირჟაზე მათი აქციების ზრდის ტენდენციას კი რთულია, რეალისტური ვუწოდოთ. ხუთწლიან ჭრილში Adani Enterprise-ის ღირებულება 2,500%-ითაა გაზრდილი, ერთ წელიწადში კი ზრდის მაჩვენებელი 100%-ს აღწევს.

იმავე პერიოდში Adani Green Energy-ს აქციების ღირებულება 7,700%-ით გაიზარდა; ხოლო Adani Power-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1,160%-ით მოიმატა.

საფონდო ბირჟაზე ადანის მიერ დაფუძნებული კომპანიების არნახული აღმასვლა, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება თავად მისი ქონების შეფასებაზე. ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ინდოეთის მთავრობასთან უაღრესად მჭიდრო ურთიერთობისა და მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების გაძვირების ფონზე, ადანის მულტიპროფილური კონგლომერატი ზრდის მაღალ ტემპს შეინარჩუნებს და საბოლოოდ მსოფლიო მასშტაბებსაც მიაღწევს.

მართალია, გაუტამ ადანის არ გამოარჩევს ისეთი ნოვატორული უნარები როგორიც მარკ ცუკერბერგსა თუ ჯეკ მას აქვთ; არც ისეთი გონიერება, როგორიც უორენ ბაფეტს ახასიათებს, თუმცა ფაქტია, რომ სოციალური კაპიტალის ეფექტიანად გამოყენების სტრატეგიამ ინდოელი ბიზნესმენი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულამდე მიიყვანა და, ვინ იცის, იქნებ, ის ამ რეიტინგის სათავეშიც ვიხილოთ.