მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია დღგ-ს ყალბ აქტივებზე: სახელმწიფოს დაყადაღებული აქვს ყველა აქტივი, რომელმაც უნდა დააკომპენსიროს ბიუჯეტის დანაკლისი

5ef604dbb5805
ელენე გოგბერაშვილი
26.06.20 18:13
982
პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას დეპუტატმა ლევან კობერიძემ დღგ-ს ყალბი ანგარიშფაქტურების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ დაუსვა კითხვა. დეპუტატი დაინტერესდა, იკვეთება თუ არა საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მითვისების საქმეში მაღალჩინოსნების ბრალეულობა და რა ეტაპზეა გამოძიება.

კობერიძის საპასუხოდ გიორგი გახარიამ განმარტა:

"გამოძიება მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ჩვენ არ ვართ იმ სტილის და ესთეტიკის ხალხი, რომ ეს ყველა დავიჭიროთ, ვაწამოთ და რაღაცა გავაკეთებინოთ. რეალურად სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. დაყადაღებულია საჭირო ყველა რესურსი იმ კომპანიების, რომლებიც ამ პროცესში იყო ჩართული. რამოდენიმე ადამიანს 9 თვიანი ვადა გაუვიდა და დროებით გარეთ არიან, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს და მერწმუნეთ, სახელმწიფოს რესურსულად დაყადაღებული აქვს ყველა ის აქტივი, რომელმაც უნდა დააკომპენსიროს ბიუჯეტის ეს დანაკლისი".

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის აგვისტოში  ნავთობკომპანიების მიერ დიდი ოდენობით ყალბი დღგ-ის ანგარიშფაქტურის შექმნისა და მისი თანმდევი ფინანსური მაქინაციების შესახებ განაცხადა.

"გამოვლენილი და თავიდან აცილებულია ბიუჯეტისთვის 100 მილიონ ლარამდე ზიანის მიყენების საფრთხე, რისთვისაც გამოძიება სხვადასხვა კომპანიის 53 ხელმძღვანელის მიმართ მიმდინარეობს"-აცხადებდნენ საგამოძიებო უწყებაში. 

ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.

დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.