გაზის სამომხმარებლო ტარიფები
(მ3/თეთრი)
კომპანია მოქმედი ახალი
თბილისის ენერჯი 46.139 46.137
ვარკეთილაირი 48.690 48.678
ენერგოკავშირი 49.526 49.444
საჩხერეგაზი 51.447 51.415
არზუ გაზი 55.372 55.362
ტაბა 57.585 57.584
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების ფორმირებაზე გავლენას ახდენს, ლარის გაცვლითი კურსია. სოციალური გაზი, რაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული, საქართველოს აზერბაიჯანიდან მოეწოდება. მხარეებს შორის ანგარიშსწორება დოლარში ხდება. ლარი კი წელს საგრძნობლად გაუფასურდა და თუ დღემდე მოქმედ ტარიფში გაცვლითი კურსი 2 ლარი 66 თეთრია ჩადებული, უკვე ახალი ტარიფი ორ ლარსა და 97 თეთრზეა დაანგარიშებული.
შესაბამისად ისმის კითხვა, ეროვნული ვალუტის ასეთი გაუფასურების პირობებში, როგორ მოხერხდა მოსახლეობის ტარიფის ფაქტობრივად, არსებულ დონეზე შენარჩუნება.
როგორც სემეკის დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, წელს, ისევე როგორც ეს შარშან მოხდა, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საკუთარ თავზე აიღო მოსახლეობისთვის გაზის გაძვირების რისკი და გამანაწილებელ კომპანიებს, რომელთაც მოსახლეობამდე ბუნებრივი გაზი მიაქვთ, ფასი შეუმცირა. კერძოდ, ახალ ტარიფში 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი 103-ის ნაცვლად, 86 აშშ დოლარია დაფიქსირებული.
„გარკვეული რისკები და ხარჯები ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავის თავზე აიღო, რათა ეს რისკები დაეკომპენსირებინა, მათ შორის ვალუტის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკი, რამაც ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ არ გაზრდილიყო დედაქალაქში სამომხმარებლო გაზის ტარიფი“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
BM.GE დაინტერესდა, გაზრდილი ხარჯები როგორ აისახება ნავთობისა და გაზის კორპორაციის გეგმებზე, რომელიც საქართველოში ახალი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების დაპროექტებას და მშენებლობას ახორციელებს, ასევე სათანადო ინფრასტრუქტურას ქმნის და მართავს. ამ ეტაპზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, 2018 წელს კორპორაციის მოგება 26.7%-ით შემცირდა და 161 მილიონ 345 ათასი ლარი შეადგინა.