მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის ტარიფის შენარჩუნება ახალი პროექტების დაწყებას შეუძლებელს ხდის - კორპორაცია

6152fd57a5cc4
დავით ჯალაღონია
29.09.21 10:10
985
ნავთობისა და გაზის კორპორაციის(სნგკ) მიერ მომზადებულ ათწლიანი განვითარების გეგმაში პანდემიითა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით განპირობებულ ფინანსურ გამოწვევებზე არის საუბარი.

სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო, კორპორაცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გადადება გახდეს საჭირო.

"ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების გამო შემცირდება სექტორში მომუშავე კომპანიების, მათ შორის სნგკ შემოსავლები სხვა საქმიანობიდან, რაც, დღეს-დღეობით ინფრასრუქტურული პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს (ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა ე.წ. „სოციალური“ მომხმარებლებისათვის გაზის ტარიფის უცვლელობის კურსის შესახებ, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ტრანსპორტირების ტარიფითა და ოპერატორი კომპანიის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იჯარის გადასახადით ახალი პროექტების ფინანსურ უზრუნველყოფას).

შესაბამისად, იმპორტული მასალებისა და მოწყობილობის ფასების სავარაუდო ზრდისა და ლარის დევალვაციის გამო, მნიშვნელოვნად გაიზრდება პროექტების რეალიზაციის ღირებულება, რაც შეზღუდული საფინანსო რესურსების პერიოდში, დაგეგმილი სარეალიზაციო პროექტების მოცულობის შემცირების, ან მოგვიანებით დაწყების წინაპირობა გახდება”, - წერია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობამ გაზსაცავის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა - 120 მლნ ევრო - დახარჯა.

რაც შეეხება ტარიფის სუბსიდირებას, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, კომუნალური ტარიფების სუბსიდირება მთავრობას 383 მილიონი ლარი დაუჯდა. მომხმარებლები/ოჯახები იღებდნენ კომუნალური ტარიფების სუბსიდიას იმ შემთხვევაში, თუ ისინი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის 200 კილოვატ/საათზე ნაკლებ მოცულობას, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი 200 მ³-ზე ნაკლებ მოცულობას ხარჯავდნენ. მათ ასევე სასმელი წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფინანსებაც ეძლეოდათ. ამასთან არსებობდა სპეციალური უარისთქმის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც სურვილის შემთხვევაში მომხმარებლებს სუბსიდიაზე უარის თქმა შეეძლოთ.