მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმიური ოპერაციების გადავადება კლინიკების ნაწილს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს - მელია

5fbb8129843a2
თათია ჩაფიჩაძე
23.11.20 13:46
2101
კლინიკა “გულის“ დირექტორის ანზორ მელიას შეფასებით, გეგმიური ოპერაციების 2021 წლის მარტამდე გადავადება კლინიკების ნაწილს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

ამის შესახებ “გულის“ დირექტორმა „საქმიან დილაში“ მთავრობის იმ დადგენილების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, 2021 წლის მარტამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა. მიზეზად ეპიდსიტუაციაა დასახელებული.

„ყველაფერი მოითმენს ჯანმრთელობის გარდა, ამიტომ სახელმწიფომ მთელი ფინანსური რესურსი ჯანდაცვის სამინისტროსკენ უნდა მიმართოს“, - აცხადებს მელია.

მისივე შეფასებით, „ამ მთავრობის ყველაზე წარმატებული პროექტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა და ამაზე უარის თქმა თვითმკვლელობის ტოლფასია”, თუმცა ექიმი მომავალში არც მის შეწყვეტას გამორიცხავს.

„მარტამდე ხელფასებს გადავიხდით, კრედიტებს ვიხდით, კომუნალურებს ვიხდით და როცა ამას ვერ შევძლებთ, ალბათ დავიხურებით და ეგ იქნება. ჩვენისთანა კლინიკები ახლაც დახურვის წინაშე დგანან. გადამხდელუნარიანი მოსახლოება, ფაქტობრივად, არ არის და კერძო სადაზღვევო კომპანიები კი სახელმწიფოსთან ერთად თანამშრომლობენ, ცალკე არაფერს არ აფინანსებენ. საახალწლო განათებებზე როცა ამდენს ხარჯავენ, იქნებ ეკონომია გააკეთონ და ჯანდაცვას არ მოაკლდეს თანხები, სხვანაირად ამას ხალხი ვერ გაუძლებს. მთავრობამ მკაცრი კონტროლი უნდა გაუწიოს ყველა თეთრს და მიმართოს ჯანდაცვისკენ. ყველაფერი მოითმენს ჯანმრთელობის გარდა; მთელი რესურსი სამინისტროსკენ უნდა მიემართოს, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ოპერაციები დაფინანსდეს. კიდევ კარგი, რომ მწვავე გადაუდებელი ჩარევები მაინც ფინანსდება, თუმცა, მაგალითად ანევრიზმა შეიძლება ყოველ წუთას გამწვავდეს, ამიტომ ამაზე უარის თქმა კარგი გამოსავალი არ არის. კარგის მოლოდინი არ მაქვს, მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება“, - აცხადებს “გულის“ დირექტორი.