მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია ბანკინგი და საქართველო

60d9e08b23ae8
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.21 09:00
1232
ღია ბანკინგი საქართველოში დიდი სიახლეა როგორც ბანკებისთვის, ისე ფინტექკომპანიებისთვის. როგორც „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი ამბობს, ღია ბანკინგის უპირატესობებით მოგებული პირველ რიგში სწორედ მომხმარებლები დარჩებიან.

ღია ბანკინგი საკუთარ თავში სხვადასხვა ბანკში არსებული ინფორმაციის გაზიარებასა და მასზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ეს საქართველოში მომხმარებლებისთვის უნიკალური გამოცდილება იქნება, რომლის წყალობითაც ერთი მობილბანკიდან სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში არსებული ანგარიშების დანახვა, შემდეგ ეტაპზე კი მართვა იქნება შესაძლებელი.

„ეს ცვლილება ბანკებისთვის პირველ რიგში Multi Banking Experience-ს მოიცავს, რომლის დახმარებითაც კლიენტი ერთ აპლიკაციაში სხვადასხვა ბანკის პროდუქტებს დაინახავს და საბოლოო ჯამში, მისთვის პროცესი გამარტივდება. ეს, თავისმხრივ, ბანკებისთვისაც ხელსაყრელია, მომხმარებლები უფრო მეტად იქნებიან პროცესებში ჩართულნი. თავდაპირველად, მხოლოდ ინფორმაციის დანახვას შეძლებენ, მომდევნო ეტაპებზე კი ანგარიშებისა თუ სესხების კონტროლსაც შეძლებენ“, − ამბობს გიორგი კინწურაშვილი.

მისივე თქმით, ბანკები ღია ბანკინგის პირობებში მომხმარებლის საჭიროებებს უკეთ მოერგებიან და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის შეთავაზებას შეძლებენ.

„ბანკები კიდევ უფრო მეტად იქნებიან მოტივირებულები კლიენტს კონკურენტთან შედარებით უკეთესი პირობები შესთავაზონ. გარდა ამისა, შეფასებისა და ანალიტიკისთვისაც ხელმისაწვდომი უფრო მეტი ინფორმაცია იქნება. ადრე თუ მომხმარებელს შემოსავლის დადასტურება სხვადასხვა დოკუმენტაციის მეშვეობით უწევდა, ამის საჭიროება აღარ იქნება და პროცესიც გამარტივდება. თუმცა ეს საფინანსო ინსტიტუტებისთვის გამოწვევაცაა, Open Banking-ის პირობებში ის გაიმარჯვებს, ვისაც უკეთესი ციფრული არხები და პირობები ექნება. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი ნაკლებ ბიუროკრატიას, ბანკები კი გაუმჯობესებულ ანალიტიკას მიიღებენ“, − განმარტავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.

ის ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ღია ბანკინგი მცირე ზომის ბანკებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, მეტი მომხმარებელი მიიზიდონ და მათი სერვისები უფრო პოპულარული გახადონ.

რაც შეეხება ფინტეკების დამოკიდებულებას, Payze-ის თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია ამბობს, რომ ღია ბანკინგის მთავარი უპირატესობა იმ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა, რომელზეც წვდომა და გამოყენება ახლა მხოლოდ ბანკებს შუძლიათ.

„Open Banking-ის მთავარი ღირსება მაინც იმ ინფორმაციაზე წვდომა მგონია, რაც დღეს ბანკების გარდა, ფაქტობრივად, არავის აქვს. მიმაჩნია, რომ აუცილებელი იქნება ინფორმაციის დაცულობის მაღალი ხარისხი, რაშიც ალბათ ბანკებისა და ფინტეკების გარდა სხვა ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან“, − განაცხადა Payze-ის თანადამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ახალ ფლანგზე სტარტაპების გააქტიურება საბოლოო ჯამში ყველა მხარისთვის მომგებიანი იქნება.

„როდესაც კომპანიებს დიდი მოცულობის Data-ზე ექნებათ წვდომა, ბანკის ზოგიერთი ფუნქციონალის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა მიეცემათ და არის შანსი, ზოგ შემთხვევაში ეს თავად უკეთაც კი გააკეთონ: მობილბანკი, პირადი ფინანსების მართვა, გადარიცხვები, რაც კარგი UX დიზაინით ან დამატებითი ფუნქციონალის საშუალებითაა შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, ეს ბანკისთვისაც, ფინტეკებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც მომგებიანი იქნება“, − ამბობს გეგა წურწუმია.

როგორც Payze-ის თანადამფუძნებელი ყვება, Open Banking-ის გამოცდილება არაერთ სტარტაპს მისცემს ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობას და სარგებელს ღია ბანკინგის ამოქმედების შემდეგ უფრო ნათლად დავინახავთ.

„სანამ მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე წვდომა არ გაქვს, ვერ ხვდები, რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოს ამ ყველაფერმა. როდესაც Payze-მაც საკითხის კვლევა დაიწყო, ბევრი ისეთი პოტენციური ფუნქცია აღმოვაჩინეთ, რაც აზრადაც არავის მოსვლია. დარწმუნებული ვარ, Open Banking-ის შემდეგ ისეთი ხელსაწყოები გაჩნდება, რასაც თავად მომხმარებელიც კი ვერ წარმოიდგენდა. მსგავსი ტიპის არაერთი სტარტაპი განვითარებულ სახელმწიფოებში უკვე არსებობს, სადაც Open Banking-ი წლებია, დანერგილია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ცხადია ფინტეკებსაც მოუწევთ ე.წ Best Practice-ებისა და სხვადასხვა ხელსაწყოს გადმოტანა, რათა საკუთარი მომხმარებლები მაქსიმალურად დაიცვან. ჩემი აზრით, ტექნოლოგიების დახმარებით, სტარტაპებს იმის საშუალებაც კი მიეცემათ, რომ უსაფრთხოება ახალ ეტაპზე გადაიყვანონ და ამით როგორც საკუთარი თავი, ისე მომხმარებლებიც დაიცვან“, − განაცხადა მან.