მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიდასტურებთ, რომ მთავრობასა და ENKA-ს შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს - სამინისტრო

6380bf58308b9
თელარა გელანტია
25.11.22 18:40
938
"გიდასტურებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის ნამდვილად მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა, რომელიც დაიწყო 2022 წელს. აღნიშნული საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო წესებით, ხოლო საარბიტრაჟო დავის განხილვის ადგილია პარიზი, საფრანგეთი" - აღნიშნული წერილობითი განმარტება BMG-მ იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო.

BMG-ს აინტერესებდა, $800-მილიონიანი პროექტის ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო დავა რა ეტაპზე იყო. კერძოდ: 1. ENKA-მ საქართველოს წინააღმდეგ ძირითადი სარჩელი საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანა თუ არა და როდის? 2. რომელ არბიტრაჟში დაიწყო დავა? 3. რა ვადაში უნდა მოამზადოს საქართველომ შესაგებელი? 4. რა არის საარბიტრაჟო დავის არსი და თანხის მოცულობა, რომელსაც ENKA ითხოვს?

ამ კითხვებზე პასუხად იუსტიციის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ მოქმედი სამართლის, საარბიტრაჟო წესებისა და მხარეთა შორის გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმების მიხედვით, დავასთან დაკავშირებით BMG-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დიდი ნაწილი მიჩნეულია კონფიდენციალურად.

„შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, გაგიზიაროთ აღნიშნული ინფორმაცია“, - ნათქვამია უწყების პასუხში.

შეგახსენებთ: 2021 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ENKA-მ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ აცნობა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ დაასახელა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში კი, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ყოფნისას დაადასტურა, რომ ENKA-მ საქართველოს არბიტრაჟში უჩივლა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებები „კვლავ მიმდინარეობდა“.

“იცით, რომ ENKA-მ პროექტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა. კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. მოლაპარაკებები გვაქვს და საუბარი მიდის სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა, შეთანხმებაში შევიდეს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ჩვენთვის "ნამახვანი" სტრატეგიულ პროექტად რჩება და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში მეტი ინფორმაცია გვექნება მოლაპარაკებების შესახებ და ამას გაგიზიარებთ”, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები