მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგლა მიქაუტაძე: "ოცნების" მთავრობას სერიოზული ინვესტორები არ ენდობიან

5df76353bad22
BM.GE
16.12.19 15:10
832
"გასულმა შვიდმა წელმა აჩვენა, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობას სერიოზული ინვესტორები არ ენდობიან და არ ინტერესდებიან საქართველოში ინვესტირებით. ამიტომ მთავრობის ნებისმიერი ახალი გეგმა თუ დაპირება მხოლოდ ცარიელი სიტყვები და ტყუილია“, - აცხადებს ,,ლელოს’’ ეკონომიკური გუნდის წევრი გიგლა მიქაუტაძე.

როგორც bm.ge-ის „ლელოდან“ აცნობეს, მიქაუტაძის შეფასებით, ,,სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მუშაობა არაეფექტურია’’.

„ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები წლიდან წლამდე იკლებს და ამაზე პასუხისმგებლობა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ეკისრება, რომლის პირდაპირი ფუნქციაა, ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და პოტენციურ ინვესტორებთან მუშაობა. 2019 წლის სამი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით - 17%-ით, ხოლო 2017 წლის მონაცემებთან მიმართებით 37 %-ით არის შემცირებული.

სააგენტოს მუშაობა არაეფექტურია სხვა მიმართულებებშიც. მაგალითად, ბუტაფორიული პროგრამა "საკრედიტო-საგარანტიო ფონდის" სახით, რომელსაც უნდა გაეზარდა მცირე და საშუალო მეწარმეების წვდომა ფინანსებზე, რეალურად არ ფუნქციონირებს. აღნიშნულ ფონდში, თითქოსდა, აკუმულირებული 20 მლნ ლარით ჯერჯერობით არცერთი კომპანია არ დაფინანსებულა. ფაქტია, რომ ყოველწლიურად სააგენტო ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს სხვადასხვა პროგრამაზე, თუმცა მან ვერ უზრუნველყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმების ბაზარზე ვითარების გაუმჯობესება’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.