21.იანვარი .2020 10:15

გიგლა მიქაუტაძის შეფასებით, საქართველოში საგადასახადო წნეხი მაღალი არაა

views 360
უკან

“დღეს ნორმალური საგადასახადო გარემოა და წნეხიც არ არის მაღალი”, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, პარტია გადასახადების რადიკალურად შემცირებაზე არ ფიქრობს.

მიქაუტაძე თვლის, რომ განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ექსპორტს უნდა დაეთმოს.

“თუ ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმულას ავიღებთ, დანახარჯების მიხედვით, მიხვდებით რა არის შესაცვლელი იმისთვის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდოს. მოხმარებას რადიკალურად ვერ გავზრდით, სახელმწიფო ინვესტიციების რადიკალურად გაზრდის მომხრეც არ ვართ; ვერც იმას ვიტყვი, რომ გადასახადების რადიკალურად შემცირებაზე ვფიქრობთ, შეიძლება ამ კუთხით გარკვეული ცვლილებები იყოს, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ნორმალური საგადასახადო გარემოა და წნეხიც ასე თუ ისე არ არის მაღალი. დარჩა ინვესტიციები და ამაში იგულისხმება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ექსპორტი”, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

გიგლა მიქაუტაძის გათვლებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ 20 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს.

“ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 5-7 წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფლად შეუძლია 20 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციის მოზიდვა თუ ჩვენ FDI-სა და GDP-ის შეფარდებას 15%-ის ფარგლებში შევინარჩუნებთ, რაც წლების განმავლობაში გვქონდა; ეს არ არის რაღაც ძალიან ამბიციური გეგმა, ეს არის სრულიად მიღწევადი”, - განმარტავს მიქაუტაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა