მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარიას ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი გამოუგზავნეს

5e43f3a89bc20
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.20 18:58
1218
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად მას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რენდი ვებერმა მისწერა.

რენდი ვებერი დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების, მშვიდობიანი პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. წერილში საუბარია, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და ამერიკული კომპანიებისთვის არახელსაყრელი გარემოს შესახებ.

ტეხასელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა.

როგორც კონგრესმენი ამბობს, შარშან მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, თუმცა მისი თქმით, ეს აქტი არ ითვალისწინებს მხარდაჭერას იმგვარი მმართველობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.

ვებერი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში 50%-ით არის შემცირებული. ასევე, აღნიშნავს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსი ქვეყანაში 2015 წლიდან უარესდება. მისივე თქმით, ასეთი პირობებში უცხოური ინვესტიციების კლება მოულოდნელი არ უნდა იყოს.

"ამერიკული და ევროპული ბიზნესი ასეთ გარემოში მნიშვნელოვან გამოწვევებს ხედავს და არის შევიწროების, კონტრაქტების გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმების შემთხვევები. ამის მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია ჩემი მშობლიური შტატიდან, ჰიუსტონიდან "ფრონტერას" რესურსი", — წერს ვებერი.

წერილში ასევე ნახსენებია  "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული "ფეისბუქის" ყალბი ანგარიშებიც, რომელთა მიზანიც კონგრესმენის თქმით, ქართული ოპოზიციის განადგურება და ანტიდასავლური განწყობების, განსაკუთრებით აშშ-ს მიმართ, გაძლიერება იყო.

როგორც ვებერი წერს, საქართველოში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო, აშშ-ში გახშირდა სანქციებისა და სხვა ჯარიმების დაწესებისკენ მოწოდებები. მისი თქმით, აპირებს, რომ შეუერთდეს კონგრესის წევრებს, რომლებიც მომხრე არიან, რომ საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტი მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ 4 თებერვლით დათარიღებული წერილის ასლი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სხვა მაღალჩინოსნებსაც გაეგზავნათ.