კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ტენდერის გასაჩივრების წესში ცვლილებები იგეგმება. სახელმწიფო რწმუნებული "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ არსებული წესი გასაჩივრების ძალიან მარტივ მექანიზმს ითვალისწინებს, რის გამოც ტენდერების უმრავლესობა დროში ჭიანურდება.
მისი განმარტებით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ტენდერის შედეგებს გამარჯვებულის კონკურენტი კომპანიები ბევრჯერ ასაჩივრებენ და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ქმნიან და ხელს უშლიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას.
"არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ტენდერი ტარდება, მერე რომელიმე მხარე ასაჩივრებს ტენდერების შედეგებს და შეიძლება არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან გვქონდეს ფირმების მხრიდან საქმე, როდესაც ფირმას შეუძლია რამდენჯერმე გაასაჩივროს შედეგები, რაც ტენდერის დროში გაწელვას იწვევს.
ამიტომ ტენდერის გასაჩვრების წესი და პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს. მიდის ამაზე მუშაობა და მგონი, ძალიან კარგი იქნება, რომ არ შეგეძლება ნებისმიერი ტენდერი გაასაჩივრო და უსასრულოდ გაწელო ტენდერის ჩატარება",- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ ტენდერის გასაჩივრებაზე გადასახადი დაწესდეს, რაც გარკვეული ბარიერი იქნება არაკეთლსინდისიერი კონკურენციის შესაკავებლად.
მისივე თქმით, ტენდერების ჩაშლისა და გასაჩივრების შემთხვევები ძალიან ხშირი არ არის, მაგრამ 1-2 შემთხვევაც კი მუნიციპალიტეტებს სერიოზულად აზარალებს.
"შეიძლება ძალიან ხშირი არ არის ასეთი შემთხვევა, მაგრამ თუ მუნიციპალიტეტს 1-2 ასეთი შემთხვევა აქვს, უკვე ფუჭდება საქმე. შემდეგ ჯაჭვური რეაქციით ფუჭდება სხვა საქმე, რასაც ვერ აუხსნი მოსახლეობას, რომელსაც რეალური შედეგი აინტერესებს და არა მიზეზები",- აცხადებს გუბერნატორი.
მისი ინფორმაციით, ტენდერის გასაჩივრების წესის ცვლილებაზე ცენტრალური მთავრობა შესყიდვების სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად მუშაობს.

























