მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანში სტიქიის შემსწავლელი კომისია შეიქმნება - რა ხდება ადგილზე?

648b6de607038
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 23:57
1365
ქალაქ გურჯაანში მოსულმა უხვმა ნალექმა დღის მეორე ნახევარში მდინარეების ნავთის ხევისა და ახტლის ხევის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, კომერციული ფართები. სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა. სტიქიის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა დღის განმავლობაში სოციალური არხებით ვრცელდებოდა, სადაც ჩანდა როგორ მიჰქონდა მოვარდნილ ღვარცოფს მანქანები და აზიანებდა ინფრასტრუქტურას.

რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში ახლა, როგორია სტიქიის შედეგები და დაიწყო თუ არა ზარალის დათვლა - ამ კითხვებით BM.GE-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გაწმენდით სამუშაოებში როგორც გურჯაანის, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტების ტექნიკა და სამაშველო სამსახურები არიან ჩართულნი.

„ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რისთვისაც მობილიზებულია გურჯაანის და მეზობელი მუნიციპალიტეტების ტექნიკა. ასევე ხდება წყლის ამოტუმბვა იმ კომერციული ფართებიდან, სადაც წყალი შევარდა. ჩვენი ინფორმაციით, წყალი რამდენიმე კერძო სახლშიც პირველ სართულზე შევარდა, სადაც წყლის ამოტუმბვა ხდება. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას მოვარდნილმა წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა „ახტლის ხევმა“, რომელმაც კალაპოტი გაარღვია მნიშვნელოვნად დააზიანა მიმდებარე ქუჩები და ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპისთვის ცენტრალური გზა გაწმენდილია. მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა“, - აცხადებენ ადგილობრივ უწყებაში.

გურჯაანში სტიქიის ამსახველ კადრებში, რომელიც სოციალური ქსელით ვრცელდება, რომ მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე ავტომობილი დატბორა და გაიტაცა, თუმცა გურჯაანის მერიაში ვერ აზუსტებენ რამდენი მანქანაა დაზიანებული. მერის პრესსამსახურის ცნობით, გურჯაანში სტიქიის ზონაში ჩავიდა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რომელიც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არსებულ მდგომარეობას ეცნობა. უწყებაში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ხვალ დილიდან დაიწყება, რამეთუ ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

„ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ილია ბეგიაშვილი უშუალოდ აკონტროლებს პროცესებს და ხვალ დილიდან შეიქმნება სტიქიის შემსწავლელი კომისია, რომელიც ზარალის დათვლას დაიწყებს. ამის შემდეგ გვეცოდინება საიდან მოხდება მიყენებული ზარალის ანაზღაურება“, - აცხადებენ გურჯაანის მერიის პრესსამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები